სერბეთმა „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ უწოდა დასავლეთაფრიკული სახელმწიფოს, განის, მიერ კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების უკან წაღებას.
განის საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნაჩქარევი“ იყო 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციიდან გამომდინარე.
გაეროს მიერ 1999 წელს მიღებული რეზოლუცია კოსოვოს სთავაზობს საერთაშორისო დაცვას და რეგიონს ანიჭებს „არსებით ავტონომიას“ იუგოსლავიის შემადგენლობაში, რომლის ნაწილი იმ დროს სერბეთიც იყო.
უპირატესად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში 110 ქვეყანაზე მეტმა აღიარა, სერბეთის, მისი მოკავშირე რუსეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის, ასევე ევროკავშირის ხუთი ქვეყნის გარდა.
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილების შესახებ განამ ბელგრადს აცნობა გასული კვირის ბოლოს. სერბმა მინისტრმა დასძინა, რომ „კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ“.
სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განა გახდა გაეროს მე-16 სახელმწიფო, რომელსაც უკან მიაქვს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.