დღეს, 28 ნოემბერს პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის წარმომადგენლის, ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრა.
ზურაბ აბაშიძე ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
"ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, არამედ არაადამიანური საქციელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ და ყველაფერი კეთდება ამისათვის", - უთხრა მედიას ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამგზავრების წინ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს წაუყენა ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აბაშიძის განცხადებით, ის და კარასინი განიხილავენ შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებულ ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს.
ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის წინა შეხვედრა ივნისში გაიმართა.