Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი


არაფერს ვმალავთ, ყველა ჩვენი თათბირი აბსოლუტურად ღიაა, პირდაპირ გეუბნებით - მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. პარლამენტის შენობასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მისი სიტყვებით, პარლამენტის პიკეტირებისთვის განსაკუთრებით იმ დღეს მოემზადებიან, როდესაც მოსამართლეთა კენჭისყრის საკითხი დადგება.

„ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ გამოსავალს, განსხვავებით ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, რომლებიც უკანა ხვრელებიდან დაძვრებიან სამარცხვინოდ, მისტერ პიტკონივით მიძვრებოდა თურმე ოხანაშვილი, უნახავთ. სამარცხვინოა, რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. ეს არის მათი სახე და მათი სახე რომ არ დაინახოს, მათ შორის პოლიციამ, აი, ასე შემოღობილი რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონშიც წამოიღებენ ამ ჯებირებს, იმის იქითაც, რა ვიცი, ჩავალთ ყველა ქალაქში და კი ბატონო, იარონ. ეს პროტესტი არ დამთავრდება. ეს ხომ თავისუფალი ჟანრია, პლენარული სხდომა ჩაინიშნება, მოვალთ, განსაკუთრებით მოვემზადებით. ამას წინასწარ ვეუბნებით და არ ვმალავთ, ტყუილად დაძვრებიან ეს სუს-ის მანქანები ოფისებთან, რაღაც „ჟუჩოკებით“ წვალობენ და ერთ ამბავში არიან. არაფერს ვმალავთ, ყველა ჩვენი თათბირი აბსოლუტურად ღიაა, პირდაპირ გეუბნებით – მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ. იმ მზაკვრობის და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი რკინის კედლებით დილიდან გადაკეტა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG