Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამსახურდია: წარმოუდგენელია, ერთი კაცი დანით სჩადიოდა ამ უმსგავსობას და დანარჩენები უყურებდნენ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სარწმუნოდ არ მიიჩნევს გამოძიების ვერსიას, რომლის თანახმად, მისი ძმას, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა მხოლოდ ერთმა კაცმა მიაყენა.

„მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ იურიდიული თვალსაზრისით უფრო წიგნიერად გაკეთდეს განცხადება. აქ ისე გამოდის, რომ ერთი კაცი დანით სჩადიოდა ამ უმსგავსობას და დანარჩენები უყურებდნენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. როგორც გინდათ ისე გამიგეთ, მე ამას ვერ მივიღებ. თუ ეს არის ჯგუფური თავდასხმა, გასაგებია, მაგრამ ის, რომ ერთი კაცი არის და დანარჩენები ამას უბრალოდ თვალ-ყურს ადევნებდნენ, მაპატიეთ, მაგრამ მე ასეთი რამ არ მჯერა“, - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

როგორც დაჭრილის ძმა ამბობს, მას არაფერს ეუბნება დაკავებული ადამიანების ინიციალები და სახელი და გვარები.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მისთვის ძნელია, კონკრეტული ვერსიის შესახებ საუბარი, თუმცა ის საქართველოში ზოგადად კრიმინალური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„ქვეყანაში არის უაღრესად დაძაბული ვითარება, არის გარკვეული დაპირისპირება პოლიტიკური პოზიციონირებიდან გამომდინარე და ამას შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული ობიექტური საფუძველი. ზოგადად, 2004 წლიდან კრიმინალი საკმაოდ შეიზღუდა, იძულებული გახდა მოშორებოდა სოციალურ სინამდვილეს. ეს კრიმინალი ცდილობს დაიბრუნოს თავისი პოზიციები და მოახდინოს პარაზიტირება ამ მდგომარეობაზე“, - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ. მან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების შესახებაც ისაუბრა.

„დანაპირები, რაც გასცა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას შესახებ, არ შეუსრულებია. დანაპირები იყო, რომ 2018 წლის შემდეგ ჩატარდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ფაქტია, რომ არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა“, - აღნიშნავს გამსახურდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სხვა ოთხ დაკავებულს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG