Accessibility links

site logo site logo

WHO ახალი კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელებს


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) დღეს გამართავს რიგგარეშე სხდომას, რომელზეც კიდევ ერთხელ იმსჯელებს უნდა გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა ჩინეთიდან ახალი სახეობის კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელების გამო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით ერთი პროცენტია ჩინეთის საზღვრებს გარეთ, თუმცა, სამ ქვეყანაში დაფიქსირდა დაავადების ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის შემთხვევები. ეს ვირუსის შემდგომი გავრცელების პოტენციურ შესაძლებლობას ქმნის, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რიგგარეშე სხდომის მოწვევა გადაწყვიტა.

წინა სხდომაზე, რომელიც 22-23 იანვარს ჩატარდა, ორგანიზაციამ უარი თქვა საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და ამის მიზეზად დაასახელა ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადებულთა მცირე რიცხვი.

30 იანვრის დილის მდგომარეობით, ჩინეთში სულ გარდაცვლილია 170 ადამიანი და ინფიცირებულია 7711.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების საერთო ჯამში 50-ზე შემთხვევაა გამოვლენილი ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG