Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​საპროკურორო საბჭო დღეს შეარჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს


საპროკურორო საბჭო დღეს, 7 თებერვალს შეარჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. სხდომა 14 საათზეა დანიშნული.

გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი საპროკურორო საბჭომ 6 თებერვალს გამოავლინა. ესენი არიან ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია. საბჭოს წევრებმა არჩევანი 15 კანდიდატს შორის გააკეთეს.

გენერალური პროკურორობის შერჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი გენერალურ პროკურორს უმრავლესობით აირჩევს.

საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის იყო ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც, რომელიც თანამდებობიდან გადადგა 2018 წელს, „ხორავას ქუჩის საქმის“ გარშემო აგორებული პროტესტის პერიოდში.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

XS
SM
MD
LG