Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ათასს გადაცდა, დაითხოვეს ჯანდაცვის სფეროს მოხელეები


ჩინეთში თანამდებებიდან დაითხოვეს მაღალი რანგის ოფიციალური პირები იმის გამო, თუ როგორ იმოქმედეს ახალი რესპირატორული ვირუსის გავრცელების პერიოდში. ამის ფონზე კორონავირუსად წოდებულ დაავადებას ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მათ რიცხვმა 1016-ს მიაღწია.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ 11 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული დღის განავლობაში გარდაიცვალა 108 ადამიანი, მათგან 103 ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში.

10 თებერვლის შუაღამის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადდა სულ 42 638 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 2478-ით გაიზარდა. ჩინეთის ხელისუფალთა ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია 7333 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 3996.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის თანახმად, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის კომუნისტური პარტიის მდივანი და ჯანმრთელობის კომიტეტის თამჯდომარე არიან თანამდებობებიდან დათხოვნილებს შორის.

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მთავარი სამედიცინო მრჩეველი, კრიზისის მართვის მთავარი კონსულტანტი, ჩჟუნ ნანშინი, რომელმაც სახელი გაითქვა 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის SARS-სწინააღმდეგ ბრძოლისას, აცხადებს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება და მისი ვარაუდით, ეპიდემია პიკს მიაღწევს ამ თვეში.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებულია 24 ქვეყანაში. დღემდე ერთი ადამიანია გარდაცვლილი ჰონგ-კონგში და ერთი - ფილიპინებზე.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის თვლის, რომ ვირუსის გავრცელება მსოფლიოს სხვაადსხვა ქვეყნებში კვლავაც მოსალოდნელია და საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ეპიდემიის კონტროლს გარეთ გასვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG