Accessibility links

site logo site logo

დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილს რჩევას აძლევს


პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეალურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ან კეკლუცობა შეწყვიტოს.

ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა გიგი უგულავას დაპატიმრებით: „ამიტომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც“.

დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ამისთვის მზად არ არის, თავი უნდა დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს: „ან ჩაერთოს პროცესში სრულფასოვნად, როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად, ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერისგან ეს რეაქცია მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ „დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის“.

ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG