Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა სირაძის საქმის განხილვა იწყება - მას სავარაუდოდ არ დაესწრება ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი


მარიანა ჩოლოიანი
მარიანა ჩოლოიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ იძულების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. სასამართლო სხდომა 15 საათზეა დანიშნული. მას სავარაუდოდ არ დაესწრება ბრალდებული, არასრულწლოვნის იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

მარინა ჩოლოიანი 26 თებერვალს ღამით პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამატებით დასჭირდა გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ვერ მოხერხდა.

მარინა ჩოლოიანი არ დასწრებია არც 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც იმსჯელეს მისთვის მტკიცებულებების დასაშვებობისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გადახედვის საკითხზე. სხდომის წინ მან სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG