Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის თქმით, მან პუტინს მოსთხოვა, რომ რუსეთი განზე გადგეს სირიაში


თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსთხოვა, რომ რუსეთი განზე გადგეს სირიაში, რათა თურქეთს საშუალება მიეცეს, მარტომ მიხედოს სირიის სამთავრობო ჯარებს, მას მერე, რაც მიმდინარე კვირაში სირიის იერიშის შედეგად თურქეთის 34 ჯარისკაცი დაიღუპა.

სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ჩაატარეს ფართო მასშტაბის იერიში, რათა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბში ხელში ჩაეგდოთ რეგიონი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ამ უკანასკნელთ თურქეთი უწევს დახმარებას.

როგორც სირიის ობსერვატორიის სამხედრო მეთვალყურე იტყობინება, 29 თებერვალს სირიის სამთავრობო ჯარებისა და რუსეთის თვითმფრინავები განაგრძობდნენ დარტყმებს იდლიბში მდებარე ქალაქ სარაყებზე.

როგორც ერდოანმა თქვა დღეს სტამბოლში გამოსვლისას, მან პუტინს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ აცალოს თურქეთს იმის გაკეთება, „რას აუცილებელია“. მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თურქეთი არ აპირებს სირიიდან ჯარების გაყვანას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ, იდლიბში შეამცირონ დაძაბულობა იქ სამხედრო მოქმედებების გაგრძელების პირობებში. მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იდლიბის საკითხი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ერდოანსა და პუტინს შორის შეხვედრაზე, რომელიც, მისი თქმით, 5 ან 6 მარტს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG