Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შსს-ს კიდევ ერთხელ დაავალა თვითიზოლაციის რეჟიმის კონტროლი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოს კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მიერ ამ რეჟიმის მკაცრად დაცვა.

დღეს, 12 მარტს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევა, რომელსაც კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.

„ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ გარკვეული ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი", - განაცხადა გახარიამ. მან კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი.

12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან და 2020 წლის 12 მარტის დილის მდგომარეობით მოიცვა მსოფლიოს 123 ქვეყანა.

12 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დაავადდა 126 380 ადამიანი. გარდაიცვალა 4634. გამოჯანმრთელდა 68313.

XS
SM
MD
LG