Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუკზე“ წერს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის“, - წერს ღარიბაშვილი.

როგორც მინისტრი განმარტავს, ყაზარმული მდგომარეობის დროს ჯარისკაცებს ეზღუდებათ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით.

12 მარტს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ:
• თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
• მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
• პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.
ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება:
• გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
• ორსულ ქალს;
• ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.
აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

მინისტრის ინფორმაციით, ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG