Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სრულ გაურკვევლობაში ვართ” - საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ


23 წლის მარიამი [სახელი შეცლილია] ოთხი თვის წინ, ოპერპროგრამით წავიდა ბერლინში, გერმანიაში. ის მასპინძელ ოჯახს ბავშვების მოვლასა და მსუბუქ საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, იქვე ცხოვრობდა და ჯიბის ფულსაც იღებდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, მარიამი ბევრი სხვა ოპერის მსგავსად, მასპინძელი ოჯახისა და შემოსავლის გარეშე დარჩა, საქართველოში დაბრუნებას კი ვერ ახერხებს.

„ვცდილობთ ბილეთები ვიყიდოთ, მაგრამ შეუძლებელია. ვრეკავთ ყველგან, ვწერთ, მაგრამ არაფერი იცვლება. ვინმე თუ არ გყავს აქ, ქუჩაში რჩები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამი, რომელიც ახლა ბერლინიდან 2-საათ-ნახევრის სავალზე, ქალაქ დრეზდენში მეგობართან გასამგზავრებლად ემზადება.

გასული თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოში 3 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სპეციალური რეისებით ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და ა.შ. ამასთან, მარიამი მხოლოდ ერთ-ერთია ბევრ ქართველს შორის, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ფრენებისა და ჩაკეტილი საზღვრების შედეგად საზღვარგარეთ ჩარჩნენ.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოში მგზავრების შემოყვანას „ჯორჯიან ეარვეისი“ უზრუნველყოფს. მისი დირექტორი 23 მარტის საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კომპანიის დროებით ჩამორთმევაზე გააფრთხილა და თქვა:

„მე ვფიქრობ, რომ „აირზენას“ [„ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი სახელწოდება] დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს“.

მომდევნო დღეს კი გაირკვა, რომ სახელმწიფო „ჯორჯიან ეარვეისს“ ფინანსურად არ დაეხმარებოდა. ხოლო ავიაბილეთის ფასი - პრემიერის მითითებით - არ შეიძლება ყოფილიყო 199 ევროზე [თითქმის 700 ლარი] მეტი.

„ასტრონომიული ფასი“ მთავარი მიზეზია, რის გამოც სამშობლოში დასაბრუნებელ ავიაბილეთს ვერ ყიდულობს ქეთი მიკროპულო. ის ვენაში, ავსტრიაში 11 მარტს ჩავიდა ტურისტული ვიზიტით. ამბობს, რომ ორჯერ იყიდა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბილეთი ქუთაისის მიმართულებით, თუმცა დაგეგმილი რეისი ორივეჯერ გაუქმდა. პრემიერ-მინისტრის მითითება კი „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებსაიტზე ჯერ ასახული არაა.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ავიაკომპანიის დირექტორთან და ცხელ ხაზთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

„22 მარტის ვენა-თბილისის ფრენაზე 3 000 ლარს მიწერდა. ახლა 2 500 ლარს წერს, მაგრამ „აირზენას“ წარმომადგენლებს რომ მივწერე, მეუბნებიან, რომ არ იციან, შესრულდება თუ არა ეს რეისი“, - ამბობს მიკროპულო და განაგრძობს: „დღიურად მაქვს ნაქირავები ბინა 28 მარტამდე. ვენა არ არის ისეთი ქალაქი, იაფად რომ გაიტანო თავი. გაურკვევლობაში ვარ“.

მთავრობის ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი“ მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად კვირის განმავლობაში ორ რეისს შეასრულებს. უკვე დაგეგმილი ფრენების გრაფიკი კი ასეთია:

  • 23 მარტი - თბილისი-ბერლინი-ბათუმი;
  • 24 მარტი - ათენი-საქართველო-ათენი [“​ეგეოსის”​ ავიახაზები];
  • 26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი;
  • 31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
  • 3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;
  • 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;
  • 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

დოქტორანტი ირა ბერიძე, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, ერთ კვირაზე მეტია, ცდილობს საქართველოში დაბრუნებას. მისი თქმით, 23 მარტის ბერლინი-თბილისის ფრენა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ბილეთებიც დიდი ხანია გაყიდულია.

„მთავარი პრობლემა გაურკვევლობაა. თავიდან [საქართველოს] საელჩო [გერმანიაში] გვეუბნებოდა, თითქოს მინსკის გავლით შევძლებდით წამოსვლას. დღეს, მინსკი საერთოდ აღარ განიხილება“, - ამბობს ბერიძე და განაგრძობს: „დღესაც მქონდა კომუნიკაცია და გვითხრეს, რომ არ იციან, ფრენა როდის იქნება. იმის ფუფუნებაც კი არ არის, რომ ერთი დღით ადრე მაინც ვიცოდეთ, რომ სათანადოდ მოვემზადოთ“.

დაგეგმილი ფრენების ჩამონათვალში ვერ მოხვდა უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, სადაც 27 წლის თორნიკე ჭუმბურიძე სწავლობს და მეგობარს, ბაია ჯანელიძეს მასპინძლობს გერმანიიდან. ისინი რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ უნგრეთში საქართველოს საელჩოსთან კონსულტაციით „ვიზეარის“ ბილეთები იყიდეს, თუმცა ფრენა გაუქმდა.

ბუდაპეშტში 50-მდე საქართველოს მოქალაქე ადგენს სიას, რომელსაც საელჩოს გადასცემენ და სპეციალური რეისის დანიშვნას მოითხოვენ.

ხელისუფლება აპირებს, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ეტაპობრივად დააბრუნოს საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, დაცული უნდა იყოს „ზუსტი თანაფარდობა არსებულ [საკარანტინო] სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის“. სამშობლოში დაბრუნებულისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

„გვესმის, რომ შეიძლება გერმანია იყოს უფრო პრიორიტეტული და დაველოდოთ ორი კვირა, მაგრამ აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვართ“, - ამბობს ბაია ჯანელიძე და განაგრძობს: „ისიც არ ვიცით, ამ ორი კვირის შემდეგ რამე იქნება თუ არა“.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG