Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის მოწოდების შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

მან ხალხს ასევე მოუწოდა, შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც ხელისუფლებამ წამოაყენა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის თაობაზე.

„მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა საოცარი, წმინდა მაგალითი ღირსი მარიამ ეგვიპტელისა“, თქვა პატრიარქმა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ქადაგებისას.

ქრისტიანული გადმოცემით, მარიამ ეგვიპტელმა 47 წელი გაატარა უდაბნოში სრულიად განმარტოებულმა, მარხვასა და ლოცვაში.

კირილეს სიტყვები არ ნიშნავს, რომ ტაძრები დაიკეტება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ მრევლის მიერ ეკლესიების მონახულებაზე შეზღუდვების დაწესებას.

ეკლესიაში აცხადებენ, რომ ზომები მიიღეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველად - კერძოდ, მრევლს ურჩიეს, არ ემთხვიონ ჯვარსა და მღვდლის ხელს, გამოიყენონ ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1000-ზე მეტი - მოსკოვში. გარდაიცვალა რვა ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG