Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა ვრცელდება


გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს პაციენტს ახალი კორონავირუსით დაინფიცირება დაუდგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიულ შტაბთან დაახლოებული წყაროებისგან გავრცელდა.

აქამდე იტყობინებოდნენ, რომ კორონავირუსზე გამოკვლევა 86 ადამიანს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

3 აპრილის მონაცემებით, ოკუპირებული გალიდან სამეგრელოში, ჯამში, 7 მოქალაქე გადმოვიდა, რომელთაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. აქედან covid-19 მხოლოდ ერთს, სოფელ საბერიოს მკვიდრს, 50 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან ჩავიდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქალს ზუგდიდში ჩამოსვლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ ცოტა 30 პირთან ჰქონდა კონტაქტი. სოხუმი ირწმუნება, რომ ყველა მათგანი შესწავლილია და ეს პირები იმყოფებიან კარანტინში. ამასთან, 31 მარტს, გვიან ღამით, ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანეს 7 მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ covid-19-ით დაავადებულ ქალთან. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან მოთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG