Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს უშიშროების გენერალი, ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურებთან (ФСБ) თანამშრომლობაში


უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობაში. კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, კერძოდ, ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმში. უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ივან ბაკანოვმა, გენერალის დაკავებას უწოდა უკრაინის სპეცსამსახურის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის გამოაშკარავება.

უკრაინის უშიშროებაში აცხადებენ, რომ შაიტანოვმა რუსეთს მიაწოდა ცნობები დონბასში უკრაინის პასუხისმგებლობის ზონაში დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციების შესახებ და ასევე ეროვნული სპეცსამსახურების საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

უკრაინის სპეცსამსახურის ცნობით, გენერალი შაიტანოვი რუსეთიდან მიღებული დავალებით გეგმავდა დონბასში კიევის მხარეზე მებრძოლი ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის მეთაურის, ადამ ოსმაევის, მკვლელობას. მასზე ორჯერ მოხდა თავდასხმა უკრაინაში, თავად ოსმაევი 2012 წელს ოდესაში დააპატიმრეს ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით.

უკრაინის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გენერალი შაიტანოვი ჯერ კიდევ 2014 წელს გადაიბირეს. გენერალი იყო სპეცდანიშნულების ოპერაციების ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG