Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თბილისელობის” შესავალი


თბილისი დედაქალაქია! თბილისი ყველას ქალაქია! როგორც თბილისის დიდი პატრიოტი, დემნა შენგელაია ამბობდა, თბილისი ის საერთო მნიშვნელია, რომლის გარეშეც საქართველოს კუთხეები ვერ შეიკრიბებიან. ვიწყებთ თბილისის შესწავლისთვის საჭირო წიგნების ჩამოთვლას, იმ წიგნებისას, რომლებიც ყველა „ძირძველ თბილისელს“ უნდა ჰქონდეს წაკითხული; ვიწყებთ 5 წიგნით, რომლებიც „თბილისელობის შესავლის“ მაგივრობას გაგვიწევენ.

„თბილისის ისტორია“. როდესაც ახალი საგნით ინტერესდები, ყოველთვის გჭირდება რაღაც ისეთი, რასაც საყრდენ წერტილს ან ჩონჩხს უწოდებენ, რაზეც შემდეგ საიმედოდ დააშენდება ცოდნის დაუსრულებელი და, შესაბამისად, უზარმაზარი შენობა. თბილისის შესწავლის შემთხვევაში ამგვარ საყრდენ წერტილად უთუოდ გამოდგება 1958 წელს გამოსული „თბილისის ისტორია“ (ავტ. შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა.სურგულაძე), რომელიც უძველესი დროიდან XX საუკუნის 50-იან წლებამდე პერიოდს მოიცავს. მართალია, დიდი ფორმატის 600 გვერდიანი წიგნის ბოლო თავები (სულ XIX თავია) დაღდასმულია იდეოლოგიის ბეჭდით, მაგრამ, მთლიანობაში, წიგნი იძლევა მნიშვნელოვან და წყაროებით უხვად ილუსტრირებულ ცოდნას სხვადასხვა ეპოქის თბილისის საქალაქო წესწყობილების, იერსახის, ეკონომიკის, კულტურისა და მოსახლეობის სტრუქტურის შესახებ. ამ წიგნიდან შეიტყობთ ბევრ რამეს თბილისზე და ეს წიგნი აუცილებლად გაგიღვივებთ მეტი ცოდნის მიღების სურვილს, რადგან მასში ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნაჩვენებია როგორც შორი, ასევე ახლო პერსპექტივიდან, რადგან მეფეების, მღვდელმთავრების, ქალაქის თავების და სხვა ცნობილი ისტორიული პირების გვერდიგვერდ, თავიანთი ყოფითი ისტორიებით, მოქმედებენ მექისეები, მეაგურეები, მესანთლეები, სირაჯები, მღებრები, ყასბები და ა.შ. ნაჩვენებია ქალაქის ყოფის ყველა მხარე, გაჩხრეკილია ქალაქის მოსახლეობის სტრუქტურა, რომ მაგალითად თბილისელი მოქალაქეები თურმე 17 ხარისხად იყოფოდნენ, რომ თბილისში ნასყიდი და შეწირული ყმების გარდა, ასევე იყვნენ „ნებიერი ყმები“ ანუ ისეთი ყმები, რომლებმაც თავიანთი ნებით იკისრეს ამა თუ იმ მებატონის ყმობა. ქალაქი იცნობდა „ხიზნებს“, „უქმად მოსიარულეებს“ და სხვ. თბილისის მთელი ეს სიჭრელე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის გადასახადს იხდიდა: მახტი, მალი, თვის შაური, სამასპინძლო, მასრაპი და ა.შ. გარკვეული დროიდან „სარუსო გამოსაღებიც“ ყოფილა ქართლ-კახეთში ჩაყენებული რუსის ჯარის შესანახად...

რას გვეუბნება თბილისის ისტორია? რა არის ყველაზე მეტად დამახასიათებელი მისი ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრებისათვის? - „თბილისის ისტორიის“ წაკითხვის შემდეგ ამ კითხვებს უპასუხოდ აღარ დატოვებთ.

"საისტორიო ძიებანი". ტომი I: „ხელოსნობა ძველ საქართველოში“, „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“ და სხვა.

არასოდეს არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ქალაქი და მისი აღწერა, თუმცა მათ შორის არსებობს კავშირიო, - წერდა იტალო კალვინო თავის ცნობილ „უხილავ ქალაქებში“.

ცხადია, ქალაქსა და მის აღწერას შორის ნამდვილად არსებობს კავშირი, რომელიც ხან სუსტია, ხანაც - ძლიერი. ყველაფერი დამოკიდებულია აღწერათა ცალკეული ავტორების კომპეტენციასა და ნიჭზე, რომელთა წყალობითაც, შესაძლებელია, ეს კავშირი ზედმიწევნით მჭიდრო და ზუსტი იყოს. სწორედ ასეთი აღწერის ავტორია შოთა მესხიაც (1916-1972). საუბარია სამტომეულის, „საისტორი ძიებანის“ I ტომზე, რომელიც აერთიანებს გამოკვლევებს: „ხელოსნობა ძველ საქართველოში“, „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“ და სხვა.

ეს წიგნი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახლო მანძილიდან გვიჩვენებს ძველი თბილისის ქალაქურ ყოფას. გავიხსენოთ, როგორ განმარტავს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი „ქალაქს“: თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქ სახელედების, ვინათგან კაცი ერთი ვერ კმაეყოფის თავსა თვისსა, არამედ რათა შევეწეოდეთ ერთი-მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ.

შოთა მესხიას აღწერილი ფეოდალური თბილისი ესაა - ადამიანთა და ხელობათა თანამრავლობა, რომელთა საშუალებითაც (ვაჭრობა-ხელოსნობით) ხდება ერთიმეორის შეწევნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების გაბმა.

თბილისის ცხოვრება აღწერილია ამ ხელობათა მსახურების - ქვითხუროების („გალატოზი“ რომ ეწოდების), ხითხუროების, მქსოველების, მკერვალების, მჭედლების, მწიგნობრობასთან დაკავშირებულ ხელობათა ოსტატების, ხაბაზების, მზარეულების და მენელსაცხებლების საქმიანობის ფონზე. მოხმობილია მდიდარი არქეოლოგიური, ისტორიული, ლიტერატურული და ლექსიკოგრაფიული მასალა.

შეიძლება ვიღაცისთვის უმნიშვნელო დეტალი იყოს, მაგრამ ფეოდალური საქართველოს მთავარ ქალაქში, ზემოთჩამოთვლილ პროფესიათა გვერდიგვერდ, როგორც ჩანს, ასევე არსებობდა პარიკმახერობა და არსებობდნენ ამ ხელობის მიმდევრები: „დამყვენელნი წვერთანი“ და „მკვეცარნი“, რაც იმის გათვალისწინებით, რომ დალაქის ხელობა ყველაზე გვიანი პროფესიაა, მისი არსებობა სულაც არ არის უმნიშვნელო ამბავი.

ამავე წიგნშია მოცემული თბილისის ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდის საფუძვლიანი კვლევა სათაურით „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“. ახლა შესაძლოა დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ ფაქტია, XI-XII საუკუნეების მიჯნაზე თბილისს მართავდა უხუცესთა საბჭო, რომელსაც ერთი წლით ირჩევდნენ. თავის მხრივ, უხუცესთა საბჭო გამოყოფდა ქალაქის გამგებელს, რომელსაც „ქალაქის თავადი“, „ქალაქის უხუცესი“ ან კიდევ „ქალაქის მთავარი“ერქვა. ცხადია, ეს სისტემა შორსაა თანამედროვე გაგებით დემოკრატიისგან, მაგრამ მაინც უარესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია.

„ცხოვრება გიორგი XIII-ისა“ - ეს არის პლატონ იოსელიანის ერთადერთი ქართულად დაწერილი მონოგრაფია, რომელიც შთაგონებულია მთავარი პერსონაჟის, საქართველოს უკანასკნელი მეფის სიყვარულით. გარდა იმისა, რომ წიგნი ამართლებს გიორგი მეთორმეტის პოლიტიკას საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში, ავტორი ტენდენციურია სხვა პერსონაჟების აღწერის დროსაც, რაზეც მიუთითებიათ კიდეც ოპონენტებს, ტყუილებს წერო.

„მაშ როგორ იქნება, ყოველი ისტორია ტყუილიაო!“ - აღშფოთებულა ავტორი, რომელიც, შესაძლოა, მართლაც ბევრ რამეში სცოდავდა, მაგრამ, როგორც მკვლევარები შენიშნავენ, „ბევრი ენერგია აქვს დახარჯული ისტორიული ფონისა და ეპოქის (XVIII-XIX სს) საერთო კოლორიტის აღსადგენად“.

წიგნში მართლაც კარგად არის დახატული XVIII საუკუნის თბილისი - თავისი ზნეჩვეულებებით, საერთო კულტურით, ადმინისტრაციული იერარქიით, მოქმედი პირების საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით. დიდი და მსხვილ-მსხვილი ისტორიული ამბების გარდა, „ცხოვრება გიორგი XIII-ისა“ სავსეა წვრილი ყოფითი ამბებითაც, რომ, მაგალითად, სიონის აბანოს მაშინ სამშაბათისა რქმევია, რადგანაც „დედაკაცთათვის იყო დღე ესე დანიშნული“ და სწორედ ამ აბანოში მსახურობდა თათარი მეაბანოე სახელად მაშადი, რომელთანაც „უყვარდა მეფესა ალერსითა მასთან თათრული საუბარი“.

წიგნში ასევე თვალსაჩინოდ არის ნაჩვენები თბილისის ბევრი ისტორიული ადგილის ცვალებადი თავგადასავალი, მაგალითად თავგადასავალი ორთაჭალის ბაღისა, რომელიც შესაქცევად ჰქონდათ ჯერ უფლისწულებს, შემდეგ გადაუციათ არქიეპისკოპოს დისითეოს ფიცხელაურისთვის, რომლისგანაც „ბაღი იგი შეისყიდა სომეხმან თბილისელმან, მოქალაქემან ტერშიმოვანოვმა... და დღესაც მემკვიდრეთა მისთა უპყრიათ იგი სავაჭროდ და არა სალხინოდ; ესრეთი ცვალებადი არს სოფელი ესე და ყოველივე სოფლისა“, - ასკვნის ავტორი ფილოსოფიურად (აკი, მეტსახელიც „პლატონ ფილისოფოსი“ ჰქონდა) და ძნელია არ დაეთანხმო, თუნდაც იმავე ორთაჭალის კუნძულისა და თბილისის სხვა მნიშვნელოვანი ადგილების შემდგომი ბედის გათვალისწინებით.

გრიგოლ ორბელიანი „წერილები“

„საერთოდ გრიგოლ ორბელიანის და ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდა ბარათების წერა ქართველ პოეტებს მაინცა და მაინც არ სცოდნიათ. ამათ წერილებში ჩანს გემოვნება და ცხოვრების გამოცდილებაც. წერილების კარგად წერა დიდი კულტურის მაჩვენებელია“, - ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული პოეტ სიმონ ჩიქოვანს თავის უბის წიგნაკში. გრიგოლ ორბელიანის მდიდარ გამოცდილებასა და ნიჭიერებაზე მაღალი წარმოდგენისა იყო აკაკი წერეთელიც („დიდებული ჩამომავლობის, მთავრობის მაღალხარისხოვანი ხელჯოხიანი, ბუნებითაც დიდი ნიჭიერი...“), მაგრამ იქვე შენიშნავდა, რომ არც ერთ ამ ღირსებათაგან ნაყოფი არ მოუტანია სამშობლოსათვისო.

რას გულისხმობდა?

„საქართველოს ჭირ-ვარამზე კი არ ჰფიქრობს, ლხინი აგონდება, ქეიფსა ჰნატრობს, შუბლის გამაგრილებელ კოჯრის ნიავს, ჯეირანის შუშხუნა მწვადს და სადღეგრძელოებს, იქვე ყურს უგდებს იარალის ნაამბობ ძველებურ ამბებს, გულდაწყვეტილი იგონებს მეფეს, მაგრამ იმდენად კი არა, რამდენადაც ის საჭირო და სასარგებლო იყო ქვეყნისთვის!.. არა, მხოლოდ იმას ისაკლისებს, რომ მეფე აღარ ფარფაშებს! იგონებს მოედანზე ჯირითს, შუბის ტრიალს, ყურთმაჯთ ბრიალს და ამგვარ შექცევებს! ყველაგან ქეიფს ეძებს და იმასა სტირის!.. ლხინი! ლხინი და ლხინი!“ - წერდა აკაკი წერეთელი და, ალბათ, მართალიც იყო, რადგან გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაც კი გაჟღენთილია ყოველდღიური, მიწიერი სიხარულებით, თბილისის ყოფის ამსახველი სურათებით, თავგადასავლებით, „ჩასხდომებზე“ ოხვრით და ა.შ. წერილები კი ამოუწურავ, ზღვა მასალას იძლევა XIX საუკუნის თბილისის გასაცოცხლებლად. შემთხვევით არ უწოდებს „წერილების“ პირველი გამოცემის რედაქტორი, აკაკი გაწერელია გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას „ცხოვრების დოკუმენტებს“.

„გრ. ორბელიანს ალბათ არც წარმოედგინა თუ ისინი ოდესმე დაიბეჭდებოდა. ამიტომ სტილის სისუფთავისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ბარათები სავსეა ლექსიკური რუსიციზმებით, ზოგჯერ ვულგარული გამოთქმებითაც კი“, - მრავალფეროვნებასთან ერთად, სწორედ ამგვარი „უცენზურობა“ არის გრ. ორბელიანის წერილების მთავარი სამკაული, რომლითაც თვალსაჩინოდ და უაღრესად დამაჯერებლად არის დახატული XIX საუკუნის თბილისის (და არა მხოლოდ თბილისის) როგორც ყოველდღიური ცხოვრება, ასევე ქალაქის ლექსიკური სურათი, რაც კარგად ჩანს თუნდაც ბაბალე საგინაშვილისადმი მიწერილი ბარათიდან:

„ამ თქვენს იასამანს როგორღაც მუცელი უსივდება; მე აქამდის წყალმანკი მეგონა, მაგრამ სხუა რაღაც დამართნია, ათასი რომ გაუწყრე და გაჯავრდე, ბუნებითს ჰსჯულს ვერ ვინ გადავა, ვერ ვინ ასცდება და შენის გაჯავრებით ეს აღარ გაქალწულდება. დამიჯერე ისევ გაიცინ-გაიხარე! - არა, ეს როგორ მოხდა, რომ ხალხის შიში გამართლდა?“ - ვაი, რომ სხუამ დამასწრო ამის კრაოტზე მიბმა; რაღას უშველი!“

ან კიდევ:

„თბილისში მოხდა სასაცილო და მასთანვე გასაკვირვალი საქმე: ერთბაშად დავარდა ხმა, რომ მიწისძვრით უნდა სოლოლაკის მხარე ჩაძვრესო. ხალხმა ასე დაიჯერა, რომ რამდენიმე ღამე ზოგნი გადიოდნენ ბებუთოვის სასაფლაოსკენ და უფრო მრავალნი წავკისისაკენ. - პოლიციამ, რაოდენიც ეცადა, ვერ დაამშვიდა ხალხი, რომელიც მოელოდა უთუოდ მიწის ძვრასა, და მართლად კი გუშინწინ მიწა იძვრა, მაგრამ არა ავნორა“.

„ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ - იოსებ გრიშაშვილმა მშობლიურ ქალაქს დაუტოვა თბილისის ყოფასთან და ისტორიასთან დაკავშირებული ნივთების მდიდარი კოლექცია, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა და ავსებდა, დაუტოვა 30 ათასზე მეტი ნივთი (სამეურნეო ხელსაწყო, მუსიკალური ინსტრუმენტი, ნაკეთობა, ნახატი, ფირფიტა და ა.შ.), 20 ათასამდე გაზეთი და 45 ათასზე მეტი წიგნი, დაუტოვა საკუთარი შემოქმედების მრავალი ტომი - ლირიკული პოეზიის, ნარკვევების, წერილების და გამოკვლევების სახით, თუმცა იოსებ გრიშაშვილის მდიდარ მემკვირდრეობაში გამორჩეული, სრულიად უნიკალური ადგილი უკავია „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას“. მაინც რა წიგნია ეს?

თვითონ იოსებ გრიშაშვილს აქვს ნათქვამი, რომ დიდი ხანი უნდოდა „გულის მურაზის“ შესრულება: ძველი თბილისის რაობის ისტორიულად შესწავლა! შეისწავლა კიდეც, თუმცა არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ პოეტურადაც და ეს კარგად ჩანს 1927 წელს გამოცემული ამ წიგნის პირველივე ნაწილიდან, რომელშიც ასახულია „ქალაქური პოეზიის“ მაშინდელი ვარსკვლავების - გივიშვილის, სკანდარნოვას, იეთიმ-გურჯის, ბეჩარასა და ჰაზირას - შემოქმედება, მე-19 საუკუნის კულტურული გარემო, დღეობები, ყარაგიოზას თეატრი, წარმოდგენები; „ბოჰემაში“ ასევე აღწერილი და საგულდაგულოდ გაჩხრეკილია ძველი ქალაქის ტიპების - ყარაჩოღელების, კინტოების, მეთულუხჩეების, დაბაღების და სხვათა ცხოვრება. წიგნს დართული აქვს გრიშაშვილის ცნობილი „ქალაქური ლექსიკონი“, რომლის გარეშე შეუძლებელია XIX საუკუნის თბილისის გაგება.

საიდან გაჩნდა „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“?

„საიათნოვადან“ - იოსებ გრიშაშვილის კიდევ ერთი ვრცელი მონოგრაფიიდან, რომელშიც ასევე უაღრესად მდიდარი მასალაა თავმოყრილი თბილისის კულტურული ისტორიის შესახებ.

„საიათნოვას ეპოქის გამოკვლევამ იმდენი მასალა მომცა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, ზოგი რამ, მომემარაგა“, - წერს იოსებ გრიშაშვილი „ბოჰემის“ შესავალში და ვინც, „საიათნოვას“ გაეცნობა, უთუოდ შეამჩნევს, რომ ეს ორი წიგნი, ეს ორი მონოგრაფია ჰარმონიულად ებმის და ავსებს ერთმანეთს, რადგანაც, როგორც თვითონ ავტორი შენიშნავს, თუ „საიათნოვა“ მე-18-ე საუკუნის ფარგლებითაა შეზღუდული, „ძვ. ტფილისის ლიტ. ბოჰემა“ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქალაქს მიუკუთვნებაო. და რაც მთავარია, „საიათნოვადანაც“ და „ლიტ. ბოჰემიდანაც“ ყურის და გულის საამო ხმები ჩაგვესმის: „ეხლანდელ დუქანდარ-ყარაჩოღელებს იმდენად მოსწონთ ქალი, რამდენათაც იგი მოსქოა, ხორციანი და ფაშფაშა აღადედაკაცივით. ხოლო ძველებს კი მოსწონდათ ქალი ნეგოს ყვავილივით წერწეტა, შაქრის ლერწამივით მაღლა წასული, კაკაროტი და შამაიასავით წვრილი და თხელი, რომელსაც ნაკვთი ნაკვთად ჰქონდა აღნაგ-ანაგები... ძველ თბილისელ ყარაჩოღელებს უყვარდათ ლამაზი და გულადი შედარებანი: მაგ. სატრფოს ქოშებს - იგინი ფლავის კოვზებს ადარებდნენ. ერთი ყარაჩოღელი კი თავის სატრფოს თვალებს კაკლის მურაბას ადარებს და ეშხში შესული ეუბნება:

„რას მიბრძანებ, რომა შენთვის

არ გამიჭრას ჩემ მაჯამა,

ოღონდ ერთხელ ეგ თვალები

ოქროს ჩანგლით შემაჭამა“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG