Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე იქნება შეზღუდული


გადადგილების შეზღუდვა ორშაბათიდან მოიხსნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან უპასუხა ასევე ამ საკითხით უკმაყოფილო მოქალაქეთა პრეტენზიებსაც.

„ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოხატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას. გვინდა მათთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეზუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ ეხება საკვებ და სასურსათო სექტორში მომუშავე პირებს, ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოს განმახორციელებელ სუბიექტებს და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც, მათ შორის, ეკონომიკური, დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 17 აპრილიდან აიკრძალა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების ზრდით ახსნა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უარყო, რომ აკრძალვა უკავშირდებოდა საპატრიარქოს უარს, მრევლის გარეშე ჩატარებულიყო სააღდგომო წირვა.

ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას, დისტრიბუციასა და „მიტანის სერვისს“.

XS
SM
MD
LG