Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: 1600 პაციენტზე მეტის შემთხვევაში მომსახურება სრულყოფილი ვერ იქნება


შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერი პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო სისტემა მომსახურების იმ მოდელს, რასაც დღეს სთავაზობს კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს, შეინარჩუნებს ერთდროულად 1600 ინფიცირებულის მომსახურების პირობებში.

„მომსახურების იმ სრულფასოვანი მოდელით, რასაც დღეს ჯანდაცვა აწვდის მოქალაქეს, ამგვარი მოვლისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს, ასე ვფიქრობ“, - აცხადებს თენგიზ ცერვაძე.

მისი სიტყვებით, დღეს თუ 400 პაციენტია, 3-4-ჯერ მეტ პაციენტს ანუ 1200-დან 1600 პაციენტამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს „მომსახურების ამ დონით, რომელიც დღეს არის“.

„შემდეგში კი არ მიატოვებს მთლიანად, ისე უზრუნველყოფს. თქვენ ისმენთ, რომ გეგმა B არსებობს 2 ათას საწოლზე. გეგმა C არსებობს 10 ათას საწოლზე. მაგრამ იქ უკვე ეს მომსახურება ვეღარ იქნება ისეთი სრულყოფილი. იქ მომსახურების ის ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც დღეს არის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად პაციენტების სახლში დარჩენით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 408 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG