Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქი თეთრიწყარო ჩაიკეტება


თეთრიწყარო
თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დღეიდან ჩაიკეტება და მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცევა, ქალაქში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევის გამოვლენის გამო. აიკრძალება ქალაქში შესვლა-გამოსვლა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, „სავარაუდოდ, მოეწყობა ოთხი ბლოკ-პოსტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია 19 ახალი შემთხვევა, მათგან რამდენიმე ადგილობრივი თეთრიწყაროს მედპერსონალია, ასევე მათი ოჯახის წევრები“. მისივე თქმით, კარანტინში მოექცა ქალაქის საავადმყოფო. პაციენტების მიღება შეწყდა. ადგილობრივ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს კი ჩაენაცვლებიან სოფელ კოდასა და დაბა მანგლისში სარეზერვო ბრიგადები.

თერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი

შოთა რეხვიაშვილმა ასევე თქვა, რომ მუნიციპალიტეტში ჩასული იყო ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალები მედპერსონალიდან და იმ კონტაქტებიდან, რომელიც დადგინდა.

გუბერნატორის თქმით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.

„ეს ცნობილი ოჯახური კლასტერებია. დადგენილია კონტაქტები, აქ ნაკლები რისკია“, - თქვა მან.

რეხვიაშვილის თქმით, ბოლნისსა და ახლა უკვე თეთრწყაროში მიზნობრივი ტესტირება, რასაც აგრესიულს უწოდებენ, გრძელდება. ტესტირება უტარდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, პოლიციის თანამშრომლებს, დადგენილ კონტაქტებს - ოჯახურს, ნათესაურს, სამეზობლოს.

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის გასასვლელ-შემოსასვლელებში ბლოკ-პოსტების მოსაწყობად, რაც დღეს საღამოს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG