Accessibility links

"სოლიდარობის პლატფორმა"  ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს


"სოლიდარობის პლატფორმა" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართავს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა 2 მაისს "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ კომენტარში აზერბაიჯანელი თემის მიმართ განაცხადა: „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოხოცონ“, რაც საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაღვივებას იწვევს.

„იმ ფონზე, როცა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მასობრივად კიდევ ერთხელ გახდა სიძულვილის ენის ობიექტი, საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ რასისტულ განწყობებს და ხელს უშლის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის და ინტეგრაციის პროცესს”, - აღნიშნავს "სოლიდარობის ქსელი"

ქსელში მიიჩნევენ, რომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ასეთი განცხადებების პოპულარიზაციის და გავრცელების შესაკავებლად, ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადააყენოს ზაზა აბაშიძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ 5 მაისს „ფეისბუკზე“ განმარტა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარი ფაქტის შესახებ დაწერილი საკუთარი კომენტარი. აქვე მან უცენზურო სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა მათაც, ვინც მას ეთნიკური შუღლის გამღვივებლად მიიჩნევს:

"ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

რაც შეეხება აჟიოტაჟს, როგორც ჩანს ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“, - წერს ზაზა აბაშიძე.

ზაზა აბაშიის 2 მაისს "ფეისბუკში" გამოქვეყნებული კომენტარი კი მოჰყვა ფაქტს, როდესაც სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა მედპერსონალს ხელი შეუშალეს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების პროცესში. კერძოდ, ამ შემთხვევის შემდეგ ზაზა აბაშიძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ სოფლის მცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“. ამ ფრაზას თან ერთვოდა გინება.

აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით მოჰყვა ძალადობის მოწოდების შემცველი მეორე განცხადებაც.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური გამონათქვამების გამო 4 მაისს ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება და კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვა „ევროპულმა საქართველომ”, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

ქვემო ქართლის მცხოვრებთა მიმართ გამოქვეყნებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებს პლატფორმა „არა ფობიაც“ გამოეხმაურა. პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები, რომლებიც „არა ფობიას“ თანახმად, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG