Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მერიას აქციის გამართვის არც აკრძალვა შეუძლია და არც ნებართვის გაცემა


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვინმეს ნება დართოს ან აუკრძალოს აქციის ჩატარება.

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაგეგმვის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ აქციის გამართვა მოქალაქეთა უფლებაა:

"ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი მოითხოვენ. ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს ან სხვა პიროვნებებს, სხვა ადამიანების დაჯგუფებებს შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის შეტყობინება, მერია უფლებამოსილი და ვალდებულია, ეს იმ მხარეს აცნობოს, რომელსაც კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით წერილი შემოაქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მოძრაობა „სირცხვილიამ“ 9 ივნისს თბილისის მერიას წერილობით აცნობა, რომ 20 მაისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი შეკრების, აქცია-მანიფესტაციის გამართვა იგეგმება.

მერიაში შეტანილ განცხადებაში „სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ შეკრების სრულფასოვნად და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩასატარებლად საჭიროა ტერიტორიის მოწყობა და, შესაბამისად, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 20 ივნისის 15 საათიდან საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა გახდება საჭირო.

„იმ შემთხვევაში, თუ მერიის სამსახური თავად არ უზრუნველყოფს გზის გადაკეტვას, აქციის მონაწილეები დისტანციის დაცვით შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, რაც, ხალხის მატებასთან ერთად, ყველა შემთხვევაში გამოიწვევს გზის გადაკეტვას“, - აღნიშნულია მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებაში, რომლის ადრესატი თბილისის მერი კახა კალაძეა.

10 ივნისს კახა კალაძეს არ განუმარტავს, გაითვალისწინებს თუ არა "სირცხვილიას" თხოვნას საავტომობილო გზის აქციამდე 4 საათით ადრე გადაკეტვასთან დაკავშირებით.

მოძრაობა "სირცხვილიას" თანახმად, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის თავზე აქცია პარლამენტის წინ 20 ივნისს 19 საათზეა დაგეგმილი.

2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან გახსნა.

სპეცრაზმელების მიერ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG