Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ბარკერი: ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, აქაც ამიტომ ვდგავართ


Georgia - Salome Berkeri. One year anniversary of the rally due the "Gavrilov night"
Georgia - Salome Berkeri. One year anniversary of the rally due the "Gavrilov night"

ანტისაოკუპაცო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის, სალომე ბარკერის განცხადებით, ის, რომ დღეს, 20 ივნისს, პანდემიის პირობებშიც, რუსთაველზე ამდენი ადამიანი ისევ მივიდა, ნიშნავს, რომ მათი ბრძოლა სწორი ბრძოლა იყო.

„დღეს ძალიან სიმბოლური დღეა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შარშან ამ დღეს მოქალაქეებმა ოკუპაცია გააპროტესტეს, არამედ იმიტომაც, რომ ამისთვის ისინი სახელმწიფომ დასაჯა და ტყვიები ესროლა. ზუსტად ამიტომ, ეს ფაქტი არც ერთ 20 ივნისს არ უნდა გვაძლევდეს მოსვენებას. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა აქ. გვახსოვს ყველაფერი და გვინდოდა, ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის. როგორც ვნახეთ, გავრილოვსაც ახსოვს და მას დღეს ჩვენგან მშვენიერი პასუხი გაეცემა“, - უთხრა სალომე ბარკერმა რადიო თავისუფლებას.

რუსთაველის გამზირზე უკვე დაიწყო მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების ერთ წელს ეძღვნება.

ერთი წლის წინ, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ სწორედ აქ დაიწყო რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა მაშინდელი შს მინისტრიოს გიორგი გახარიას გადადგომა და საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო.

20 ივნისის სამოქალაქო პროტესტი კი გამოიწვია იმან, რომ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა და იქიდან სცადა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა, თუმცა ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ არ მისცა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის პროტესტი გამთენიამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტში შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG