Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო იცვლება.

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი 9 ივნისს გამოაქვეყნა და განსახილველად გაუგზავნა პარლამენტს, სადაც 10-17 ივნისს მიმდინარეობდა განხილვები კომიტეტებსა და ფრაქციებში. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობას პროექტი დაუბრუნა პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით. მთავრობის მიერ გადამუშავებული ვარიანტი საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტმა 23 ივნისს განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით მოსახლეობისთვის განსაზღვრულია დიდი მოცულობის მიზნობრივი სოციალური დახმარება და შესაძლებელია გაფართოვდეს კომპენსაცია იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობამ შესაძლოა, შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით დახმარება გასცეს სპეციალური STOP COV ფონდიდან. ამ ფონდში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ შეტანილია თითქმის 134 მილიონი ლარი.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარის კომპენსაცია გადაუხადოს მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია თვითდასქმებულებს. კომპენსაციის მისაღებად კონკრეტული დოკუმენტების წარდგენაა საჭირო, რასაც თვითდასაქმებულთა უმრავლესობა ვერ ახერხებს.

რაც შეეხება ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებს, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით მცირდება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით და ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება 8.5%.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, ქვეყნის ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო, ხოლო დეფიციტი 2.5% უნდა ყოფილიყო.

ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია.

XS
SM
MD
LG