Accessibility links

ამირან გამყრელიძე: საქართველოს შედეგები სამაგალითოა მსოფლიოსთვის


ამირან გამყრელიძე, გიორგი გახარია, ეკატერინე ტიკარაძე და პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის“.

24 ივნისს, ლუგარის ლაბორატორიაში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სტუმრობისას, გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ პრემიერს ის საკითხები გააცნეს, რაზეც დღეს ცენტრში მუშაობენ:

„ვაჩვენეთ და გავაცანით გენომის ცენტრი, პოლიომიელიტის ლაბორატორია, ყვითელა-წითურასი, ჰეპატიტის რეფერალური ლაბორატორია და კიდევ ბევრი მიმართულება, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. გიორგი გახარიამ მოინახულა გადაუდებელი დახმარების დარბაზიც, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი როგორც მსოფლიოში, გლობალურად, ისე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის სიტუაციის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, მთავრობის მეთაურის მადლობა ცენტრის თანამშრომლებისთვისაც წამახალისებელია.

მან თავადაც გადაუხარდა მადლობა პრემიერს და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს შედეგები იმ „მულტისექტორული პასუხის დამსახურებაცაა, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით“.

„ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG