Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია


სომხეთის ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებზე
სომხეთის ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებზე

17 ივლისს, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ მაღალი დაძაბულობა რჩება დღეების განმავლობაში საბრძოლო შეტაკებებისა და ბაქოს მუქარის შემდეგ, რომ მას შეუძლია იერიშის მიზანში ამოიღოს ატომური ელექტროსადგურები.

17 ივლისს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვითარება საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში "შედარებით მშვიდია" ღამის განმავლობაში და რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები "სიტუაციას მყარად აკონტროლებენ მთელი საზღვრის გასწვრივ".

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც 12 ივლისს სომხეთის სამხედრო ძალებმა საარტილერიო შეტევა სცადეს საზღვრის გასწვრივ აზერბაიჯანის პოზიციებზე. სამინისტროს თანახმად, მოკლულია 11 სამხედრო მოსამსახურე.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანის არმია დაადანაშაულა საზღვარზე შეჭრის მცდელობაში. სომხეთის თანახმად, მოკლულია მათი ოთხი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია ათი.


ბოლო 24 საათის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდის მიუხედავად, 16 ივლისს აზერბაიჯანმა გაავრცელა განცხადება, რომელიც პოტენციურად კონფლიქტის ესკალაციას ემსახურებოდა და რომელშიც ის აფრთხილებდა სომხეთს, რომ შეიძლებოდა დარტყმა მიეყენებინა სომხეთის ატომური ელექტროსადგურისთვის იმ შემთხვევაში, თუ სომხური ძალები იერიშს მიიტანდნენ აზერბაიჯანის სტრატეგიულ წყალსაცავზე.

"სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემას უნარი აქვს ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც უდიდესი ტრაგედია იქნება სომხეთისთვის", აღნიშნა განცხადებაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, ვაგიფ დარგიაჰლიმ.

სომხეთის ატომური ელექტროსადგური
სომხეთის ატომური ელექტროსადგური

სომხეთის საბჭოთა პერიოდში აშენებული ატომური ელექტროსადგური თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თურქეთი კი აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წამომადგენელმა, არცრუნ ოვჰანისიანმა, თქვა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის განცხადება თავის საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო და იმედოვნებს, რომ ისინი მკაცრად დაგმობენ ამ განცხადებას

მან დასძინა, რომ სომხეთის ოფიციალური პირები არასდროს დამუქრებიან აზერბაიჯანს, რომ სამოქალაქო ობიექტებს დაარტყამდნენ.

ამასობაში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის მუქარას "გენოციდური" უწოდა.

16 ივლისს, გამთენიისას, როგორც სომხეთის სამხედროები აცხადებენ, მათ ჩაშალეს აზერბაიჯანის რეიდი ერთ-ერთ სასაზღვრო პოსტზე ტავუშის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში.

"ცხარე სროლის შემდეგ მტერი მოგერიებული იქნა და დანაკარგები განიცადა", თქვა სტეპანიანმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ამის შემდეგ სომხეთის ორ სასაზღვრო სოფელს ჭურვები დაუშინეს.

სტეპანიანი ასევე ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს აზერბაიჯანის ტანკი და დაარტყეს "საარტილერიო და ნაღმსატყორცნ პოზიციებს, რომლებიც ცეცხლს უშენდნენ ჩვენს დასახლებულ პუნქტებსა და პოზიციებს".

სტეპანიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით ტონოიანი, ესაუბრა ანჯეიეი კასშიკს, ეუთოს მისიის ხელმძღვანელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის მეთვალყურეობის საქმეში, და მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ.

16 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა ფრონტის წინა ხაზზე მყოფ აზერბაიჯანული ჯარის ნაწილებზე იერიშის მიტანასა და აზერბაიჯანული სოფლებისთვის ცეცხლის დაშენაში თოვუზის რაიონში, რომელიც ტავუშს ესაზღვრება. დეტალები არ იყო დაკონკრეტებული.

ორ მეზობელს შორის 1988-1994 წლებში ომი მიმდინარეობდა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო.

სეპარატისტებმა მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს სომხეთის მხარდაჭერით და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტისას, რომელმაც, სულ მცირე, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი აიძულა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

მყიფე ზავის შემდეგ, რომელიც რუსეთის შუამავლობით შედგა 1994 წელს, ეს რეგიონი ეთნიკურად სომხური ძალების კონტროლქვეშაა. როგორც აზეირბაიჯანი ამბობს, მათ ემატება აგრეთვე ის სამხედრო ძალები, რომელსაც სომხეთი ამარაგებს. რეგიონის დამოუკიდებლობას არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს.

მას შემდეგ ამ რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები.

რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან თანათავმჯდომარეები ეუთოს მინსკის ჯგუფისა, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი კრიზისის გადაჭრის საქმეში. ეს ჯგუფი წლების განმავლობაში იბრძვის იმისთვის, რომ შუამავლობა გასწიოს კონფლიქტის მოგვარებაში.

15 ივლისს მინსკის ჯგუფმა მოუწოდა მხარეებს "ყველა ღონე ეხმარათ დეესკალაციისთვის".

"თანათავმჯდომარეები მიესალმებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მზადყოფნას, რომ უმოკლეს ვადაში შედგეს მათ შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის უმნიშვნელოვანესი ასპექტების მოგვარების შესახებ, და ხაზგასმით აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში დაბრუნდნენ ეუთოს დამკვირვებლები, როგორც კი ვითარება მათ ამის საშუალებას მისცემს", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 15 ივლისის საღამოს გამოიცა.

17 ივლისის ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი - ნიუ-ჯერსის შტატი), აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრმა, და სენატორმა კორი ბუკერმა (დემოკრატი - ნიუ-ჯერსის შტატი) მხარეებს სომხეთ-აზეირბაიჯანის საზღვარზე "ბრძოლის შეწყვეტისა" და "სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ" მოუწოდეს.

ორმა სენატორმა ასევე დაადანაშაულა აზერბაიჯანი "ძალადობის გზის არჩევაში, მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის ნაცვლად, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფი ედგა სათავეში", და მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივ შეუჩეროს“ აზერბაიჯანის მთავრობას სამხედრო დახმარება.

"თითქმის 120 მილიონი დოლარის დახმარება უშიშროების სფეროში იმ რეჟიმისთვის, რომელიც უგულებელყოფს მშვიდობიან პროცესს აშშ-ის თანათავმჯდომარეობით, აბსურდულია", განაცხადეს მენენდესმა და ბუკერმა.

XS
SM
MD
LG