Accessibility links

სახელმწიფო კორონავირუსისთვის საავადმყოფოებში 500-ზე მეტ საწოლს ჯავშნის


საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებში 500-ზე მეტ საწოლს ჯავშნის. ამისთვის პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე 6,7 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი და 11 კლინიკიდან მომსახურების შეძენაა გათვალისწინებული.

კორონავირუსთან საბრძოლველად საწოლები იჯავშნება ინფექციურ საავადმყოფოში (50), პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (14), ბოჭორიშვილის კლინიკაში (73), ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში (24), ყოფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (25), საჩხერის საავადმყოფოში (50), დასავლეთ საქართველოს ინფექციურ კლინიკაში (18), თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (40), მცხეთის სამედიცნო ცენტრში (93), რუხის კლინიკასა (65) და ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში (80).

"ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება ითხოვს დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას", - აღნიშნავდა სოციალური მომსახურების სააგენტო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს გამორიცხავს, რომ ეს შესყიდვა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადებას უკავშირდებოდეს.

"ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელსაც იყენებს სოციალური მომსახურების სააგენტო იმისთვის, რომ შეათანხმოს სერვისების შესყიდვა. სხვა დანარჩენი არაფერი არ იცვლება. ეს არის დემობილიზაციის ნაწილი - ჩვენ აქამდე გვქონდა 3 000 საწოლი, რომელიც იყო მზადყოფნაში და თუ დაგვჭირდებოდა, გამოვიყენებდით, მაგრამ დღევანდელი გარემოებიდან გამომდინარე 500-ზე მეტის საჭიროება არ არის... ვქირაობთ ამ საწოლებს თავიდანვე და არის დარეზერვებული კოვიდის მიზნებისთვის. როცა კლინიკა სრულად არის დაკავებული, ვთანხმდებით, რამდენ საწოლს ვქირაობთ, რომ მან ეს საწოლების სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენოს", - განმარტავს გაბუნია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 155 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 929 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG