Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბაჩალიაშვილი „გუგლში“ ეძებდა თვითმკვლელობის მეთოდებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 აგვისტოს


შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

შსს-მ გუშინ საღამოს თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გააცნო საზოგადოებას.

"What will happen to my Facebook account if I pass away?" - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? - ეს ერთ-ერთია იმ საძიებო ფრაზებიდან რაც შსს-ს ინფორმაციით ბაჩალიაშილის ლეპტოპიდან ამოიღეს. უწყების თქმით თამარმა გაუჩინარებამდე 1 თვით ადრე რამდენჯერმე ჩაწერა სხვადასხვა საძიებო ველში შეკითხვა თვითმკვლელობის თემატიკაზე.

„გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: „ფეისბუკის“ ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის“ - წერია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ ასევე საქმეში გამოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და კურსელი ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს მის შეყვარებულად გაეცნო. ის გამოძიებას ახალ კითხვებს უსვამს, მათ შორის იმ კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც თამარი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელიც, მისი თქმით, ქართული მენტალობისთვის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა”. მის მიმართ კითხვები აქვს ოჯახს და ადვოკატსაც.

ახლა ოჯახი პასუხებს FBI-სგან ელოდება. რა სახით და საქმის რა ნაწილში ჩაერთვება ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო, წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებს

დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ. მიხეილ რამიშვილი, რომელიც ოჯახის ადვოკატია, ამბობს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება „სარწმუნო არ არის“. მისი თქმით უწყება თვითმკვლელობის ვერსიის განვითარებას ცდილობს, რაზეც დღეს ოჯახი ისაუბრებს.

დღესვე დილიდან შსს-ში ელოდებიან თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარს ბაჩანა ლობჟანიძეს. ის გამოძიებამ გუშინაც დაკითხა. სიახლეები საქმესთან დაკავშირებით ნახე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

"რუსთავის აზოტი" ბეირუთში აფეთქებულ ნივთიერებაზე: დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული

"ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" სს "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.

მისი განმარტებით, სს "რუსთავის აზოტი" ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს "რუსთავის აზოტი" ახორციელებდა.

ლევან ბურდილაძემ ისიც თქვა, რომ რუსთავში წამროებული ამონიუმის ნიტრატის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა. მისი თქმით ბეირუთში მომხდარი აფეთქება სწორედ ვადაგასული ამონიუმის ნიტრატის უსაფრთხოების წესების დარღვევით, წლობით შენახვამ გამოიწვია.

ამონიუმის ნიტრატი 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს Rhosus. ინფორმაცია ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა ადგილობრივმა ტელეკომპანია LBCI-მ.

წაიკითხე მეტი.

აგვისტო. ვნებები ჭავჭავაძეზე

ახალი სჯობია თუ ძველი?

ცხადია, ეს არ არის არც რიტორიკული და, მით უმეტეს, არც ისეთი რთული კითხვა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში პასუხს ვერ გავცემთ. ამისთვის სულ პატარა ცხოვრებისეული გამოცდილებაც კი საკმარისია, მაგრამ ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმაური გონებას გვირევს და ხელს გვიშლის გავერკვეთ მარტივ ამბებში.

„არაფერი ქვეყანაზე იმით არ დაიწუნება, რომ ძველია. არც იმით მოიწონება, რომ ახალია“, - წერდა ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ 150 წლის წინ.

კი, ახლაც ყველა ჭავჭავაძეზე ლაპარაკობს, ზოგიერთი ხმამაღლა ყვირის, იგინება და ჩხუბობს კიდეც. სოციალურ ქსელებში ერთმანეთს გადაეკიდნენ მეგობრები. თბილისის მერი, რომელიც აქამდეც შემჩნეული იყო "უხამსი შუათითის" (Digitus infamis) ჩვენებაში, ამჯერად „შინაურების მოკითხვით“ ემუქრება ჭავჭავაძის გამზირის მოწყობით უკმაყოფილო მოქალაქეს. და ეს ყველაფერი ხდება აგვისტოში, ყველაზე ცარიელ და უსიცოცხლო თვეში, როცა ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დახურულია, როცა ქალაქი გაკრეფილია მთაში, ზღვაზე, სოფლად ან ქალაქგარეთ.

მოკლედ, აგვისტო და ვნებები ჭავჭავაძეზე... წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი განუხრელად იზრდება, WHO-ს თქმით, ასეთ კრიზისს „საუკუნეში ერთხელ“ ვხვდებით; ტესტები დამაიმედებელ შედეგებს იძლევა დაავადების მძიმე ფორმების მკურნალობისთვის; ადამიანებზე დაიწყეს გამოცდა ვაქცინისა, რომელშიც ჩვეულებრივი გაციების დეაქტივირებული ვირუსი გამოიყენება. (Reuters, AP)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG