Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გენერალი კვინიტაძე და ნოე ჟორდანია


გიორგი კვინიტაძე საქართველოს რესპუბლიკის მხედართმთავარი იყო.

არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა “, - ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია. მან, მართლაც, ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 1970 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ გიორგი კვინიტაძე თავისი საქმის კარგი მცოდნე, ქარიზმატული პიროვნება იყო, სამხედროებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

„მან გენერალური შტაბის აკადემია დაამთავრა და, ზოგადად, დიდი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. ჯიუტი იყო, მაგრამ თვითდაჯერებულობა ყველა გამორჩეულ სამხედროს ახასიათებს“, - ამობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

რუსული დაზვერვა გენერალს ასე ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა. დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიში. იცის მასების გამხნევება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.

„ახლა გარდაცვლილს რა მოეთხოვება“

გიორგი კვინიტაძე 1921 წლის 14 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქართული ჯარის მთავარსარდლად დანიშნა. კვინიტაძესა და ნოე ჟორდანიას შორის კონფლიქტი და გაუგებრობა იშვიათი არ იყო, რაც არა მხოლოდ მათ სიცოცხლეში, არამედ ჟორდანიას სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა ემიგრაციის პერიოდში, როდესაც მთავრობის წევრები დამოუკიდებლობის დაკარგვას ერთმანეთს აბრალებდნენ.

„ახლა გარდაცვლილს რა მოეთხოვება, ჯავრი ამოიყარა ყველაზე და აძაგა თავისი ერი. საიქიოს ღმერთმა შეიწყალოს მისი სული!“

ასე ასრულებს გიორგი კვინიტაძე თავის წიგნს „ჩემი პასუხი“, რომელიც პარიზში 1954 წელს გამოვიდა. პასუხი სწორედ ნოე ჟორდანიას „გაეცა“, უფრო სწორად, მის მოგონებებს, რომელიც სახელმწიფოს პირველი პირის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა და გენერლის აღშფოთება გამოიწვია: ქართულ ჯარს ლანძღავს, მოღალატეებს გვიწოდებსო.

თავდაპირველად გენერალი იმას წერს, თუ როგორ დაითხოვა ჟორდანიამ თანამდებობიდან. ის ჰყვება, რომ მმართველ წრეში გადაწყვიტეს წითელი გვარდია სახალხო გვარდიად გადაეკეთებინათ; ამასთან, ის მხოლოდ ბატალიონებისგან უნდა ყოფილიყო შექმნილი. არ არსებობდა არც პოლკი, არც ბრიგადა და არც დივიზია. კვინიტაძე წინააღმდეგი წავიდა და ნოე ჟორდანიას რისხვაც დაიტეხა თავზე.

ნოე ჟორდანია
ნოე ჟორდანია

გენერალი წერს: „ვუპასუხე: მე არავის არ ვთხოვდი სამსახურს; დავბრუნდები ჩემს სახლში და დავიწყებ ჩემს აივანზე მშვიდად თამბაქოს წევას, ისე, როგორც სანამ აქ მომიწვევდნენ“.

ამ დაპირისპირების შემდეგ გიორგი კვინიტაძე სამსახურიდან დაითხოვეს. ზოგადად, მას ხშირად ითხოვდნენ და შემდეგ ისევ აბრუნებდნენ, რადგან კარგი „სტრატეგოსანი“ იყო.

დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ გიორგი კვინიტაძის დამსახურება იყო იუნკრების სამხედრო სასწავლებლის დაარსება. მისი სარდლობით გათავისუფლდა ახალციხე და ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთ-საქართველოს ომშიც.

სომხებისთვის დაპირებული მიწა

სომხებთან კონფლიქტს ჟორდანია და კვინიტაძე სხვადასხვანაირად ჰყვებიან. ერთი ამბობს, რომ შეტაკება გვარდიამ მოიგო, მეორე კი ამტკიცებს, რომ გვარდიელებს ხელი არ გაუნძრევიათ და ომის მთელი სიმძიმე ჯარზე გადავიდა. ომის მიზეზზე კვინიტაძე ცალკე წერს:

„თურმე 1917-1918 წ. ჩვენი მეთაურები ჰპირდებოდნენ სომხებს ამ მაზრებს [ბორჩალო და ახალქალაქი], რადგანაც მცხოვრებთა უმრავლესობა იქ იყო სომხები. სანამ არსებობდა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობაო, ამბობდნენ სომხები და რესპუბლიკების გამოცხადების შემდეგ მოითხოვდნენ დანაპირების ასრულებას.

ამისთანა დათმობა ჩვენი ძველებური მიწა-წყლისა, ცოტა არ იყოს წინდაუხედავია და არც „მცხოვრებთა უმრავლესობის დებულება“ არის სწორად გაგებული“, - წერს კვინიტაძე.

ნოე ჟორდანია თავის მოგონებებში ჰყვება, რომ ქართველ ოფიცრებს რუსული განათლება და მენტალობა ჰქონდათ, ფლანგავდნენ ფულს, ჯარში კი ქაოსი იყო გამეფებული.

თავის მხრივ, კვინიტაძე წერს, რომ სიმართლე სხვა არის. სამხედროებს ჯამაგირი ტრამვაის ფულად არ ჰქოფნიდათ, დაღუპულთა ქვრივებს სახელმწიფო არ ეხმარებოდა, თავად მას კი მხოლოდ 6 000 მანეთი ჰქონდა ხელფასი.

„ერთხელ პოლკოვნიკი სტოქსი, ანტანტის წარმომადგენელი, და მე მივდიოდით რუსთაველის გამზირით. ერთმა მათხოვარმა მოგვმართა თხოვნით და პოლკოვნიკმა სტოქსმა მისცა მას 5 000 მანეთი“, - იგონებს გენერალი და იქვე დასძენს, რომ რუსეთის ჯარში არავის ჰყავდა ისეთი ოფიცრობა, როგორც ქართველებს, 25 გენერლიდან 23-ს წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდა მიღებული.

თუმცა ისტორიკოსები ემიგრაციის დროს დაწერილ მოგონებებს სერიოზულად არ უყურებენ და ამას შიდაკინკლაობად თვლიან. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წამომადგენელი, ირაკლი ხვადაგიანი, ამბობს, რომ მოგონებები ორივე მხრიდან ტენდენციურია და ძნელია გადაამოწმო პირისპირ საუბარში ერთმანეთს ვინ რა უთხრა. ამ შემთხვევაში ისტორიკოსები უფრო ფაქტებს აქცევენ ყურადღებას. ფაქტი კი ასეთი იყო: 1921 წელს, დათხოვილ კვინიტაძეს ისევ დაურეკეს და დაუძახეს.

„განა ისე ცუდად არის საქმე, რომ ჩემი თავი გჭირდებათ?“, იკითხა მან. საქმე მართლა ძალიან ცუდად იყო. კვინიტაძეს კაბინეტში გაშლილი რუკა და საგონებელში ჩავარდნილი მთავრობა დახვდა. შეატყობინეს, მტერი თბილისისკენ მოდის, ვმარცხდებითო. შემდეგ კითხვა დაუსვეს: „თქვენი გეგმა?“- გიორგი კვინიტაძე იხსენებს, რომ სიბრაზისგან მდგომარეობიდან გამოვიდა და მიახალა, გეგმას ახლა მე კი არ უნდა ვადგენდე, სარდლობას წინასწარ უნდა ჰქონდეს მოფიქრებული რა ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედოსო.

25 თებერვალი, წითელი არმია
25 თებერვალი, წითელი არმია

კვინიტაძის გეგმა

წითელი არმია თბილისისკენ მოდიოდა. გიორგი კვინიტაძემ რამდენიმე ბრძოლის მოგება კი მოახერხა, მაგრამ 24 თებერვალს მაინც გადაწყვიტა დედაქალაქი დაეტოვებინა. მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ერთი დღის შემდეგ საქართველო უკვე დამოუკიდებელი აღარ იყო.

„არის ამ გადაწყვეტილების ძალიან სერიოზული არგუმენტებიც და კონტრარგუმენტებიც. ძალიან სადავო გადაწყვეტილება იყო. არავინ ვიცით, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა, მაგრამ რეალობა ესაა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

შეიძლებოდა თუ არა დამოუკიდებლობის შენარჩუნება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისტორიკოსებს დღესაც არ შეუძლიათ. დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ, ყოველ შემთხვევაში, შანსი იყო, რადგან რუსები არც ისეთი დიდი ძალით იყვნენ წარმოდგენილი.

„მაშინდელი მთავრობის წევრები იდეალისტები იყვნენ. შეიძლება პრაგმატულობა აკლდათ და შეცდომებსაც უშვებდნენ, მაგრამ ეს არ იყო საკუთარ გამორჩენაზე მოფიქრალი მთავრობა. ბევრი კარგი რამ გააკეთეს“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

უკვე ემიგრაციაში პირველი რესპუბლიკის წევრები ისევ საქართველოს ამბებით ცხოვრობდნენ, თავისი თუ სხვების შეცდომები მათი მუდმივი განსჯის საგანი იყო. ისევ დაბრუნებას გეგმავდნენ, ფიქრობდნენ, წერდნენ, კამათობდნენ...

1968 წელს რადიო თავისუფლებამ უკვე ღრმად მოხუცებული გიორგი კვინიტაძე ჩაწერა. მაშინ მან თქვა, რომ ქართველი ხალხი თავისი მოწყობითა და აზროვნებით უფრო ევროპელია, ვიდრე აზიელი და შემდეგ დაამატა:

„აზიაში და ასევე რუსეთში არასდროს არსებობდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფედერალიზმს. საქართველოში კი ჰქონდათ ფედერალიზმი, ისევე როგორც ევროპაში. ამიტომ თავისი მოწყობით ქართველი ხალხი არის ევროპული და არა აზიური. როგორც გითხარით, რუსებს ჰქონდათ სხვაგვარად. მათ ფედერალიზმი არასდროს ჰქონიათ, ამიტომ მათში უფროსი იყო საშინელი ძალით აღჭურვილი, ჩვენში კი - არა. თუ თამარის დროს ნახავთ, თამარი ხშირად ესაუბრებოდა ყველას არა როგორც ხელმწიფე, არამედ როგორც მორჩილი მოსამსახურე თავისი ერისა. ეს შეიმჩნეოდა საქართველოში ყოველთვის, როგორც ევროპაში. ამიტომ ჩვენ უფრო ვართ მზად ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე რუსეთი“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG