Accessibility links

გახარია: დღეის მდგომარეობით არ არსებობს სწავლის გადადებისა და არჩევნების თარიღის შეცვლის მოცემულობა


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, დღეისათვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ არსებობს იმის პირობა, რომ სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღი შეიცვალოს:

„დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის მაღალი რისკის გამო 10 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. სოფელ ლენჯერში ჩასულმა ერთმა პირმა 16 პირი დააინფიცირა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ტარდება ტესტირებები, ტურისტები საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს და აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და ღია კვების ობიექტების გარდა, ყველა დაწესებულება დახურულია.

​საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 სვანეთიდან, კერძოდ კი, ლენჯერიდანაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჯამში ლენჯერთან კავშირში კორონავირუსი 30 პირს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი ჯამში 1 278 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 058 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთაგან 16 პირის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG