Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა IRI-ს კვლევის შედეგები - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 აგვისტოს


IRI-ის კვლევა: „ქართული ოცნება“ – 33%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 16%

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსახლეობის 33%-ის პირველი არჩევანი იქნებოდა. შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16%-ით. მას მოსდევს „ევროპული საქართველო“ 5%-ით, შემდეგ მოდის პარტია „ახალი საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. სია სრულად ნახე აქ.

IRI-ს საზოგადებრივი აზრის კვლევამ კიდევ რამდენიმე ტენდენცია გამოკვეთა. აღმოჩნდა, რომ:

  • კორონავირუსის პანდემიის ფონზე 67%-ის აზრით მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
  • გამოკითხულთა 62% უარყოფითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ყველაზე დადებითი შეფასებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II სარგებლობს (89%). მეორე ადგილზე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეა (74%). მესამე საჯარო ფიგურა, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად მოსწონთ გამოკითხულებს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა (63%).
  • დიდი უმრავლესობა ისევ ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და NATO-ში.

საზოგადოებრივი აზრის ამგვარად გადანაწილების ფონზე, ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება ორპოლუსიანობის გაძლიერებაზე იმუშავებს, რაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიღებაში დაეხმარება.

რა ძალა აქვს „მესამე ძალა“ არჩევნების წინ და ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მასში, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

როგორც გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" უთხრა, მესტიის საავადმყოფოში ე.წ. სწრაფი PCR-ტესტის აპარატი დამონტაჟდა, რომელიც დღეში 50-მდე ტესტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

მესტია მესამე დღეა ჩაკეტილია. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელში, ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები ეფექტური აღმოჩნდა და ვირუსის აფეთქებას მთავრობამ „დროულად მიუსწრო“. სიახლეები ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

მზადება რთვლისთვის - რაში ადანაშაულებს მცირე მარნის მფლობელი ხელისუფლებას

დაახლოებით, ორ-სამ კვირაში კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი - რთველი - დაიწყება. რეგიონში ყურძენი პირველად დედოფლისწყაროში, გვიან შემოდგომაზე კი საგარეჯოში იწევა. მევენახეებს ახლა უამინდობისა და სეტყვის ეშინიათ, რადგან ყურძენი სიმწიფის ბოლო კონდიციაშია და მალე მოსავლის გაყიდვით ოჯახების ნაწილმა მთელი წლის სარჩო უნდა მიიღოს. ვიდრე ქარხნები ყურძნის მიღებას არ დაიწყებენ, მევენახეებმა არ იციან კონკრეტული ფასი, თუმცა გამოთვლილი აქვთ რამდენი უნდა ღირდეს ცალკეული ჯიშის ყურძენი, რომ გაწეული ხარჯიც დაფარონ და შემოსავალიც დარჩეთ.

მარნებისა და ქარხნების მფლობელთა ნაწილი კი მთავრობას სუბსიდირების პირობების გამო საყვედურობს და მცირე მეწარმეთა განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს. რა პასუხი აქვს სახელმწიფოს და როგორია რთვლის მზადების პროცესი? წაიკითხე მეტი გიორგი ალადაშვილის სტატიაში.

შიდა ტურიზმი საერთაშორისოს ვერ ცვლის - მოვლენები პესიმისტური სცენარით ვითარდება

კორონავირუსით ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა. შიდა ტურიზმმა ის დანაკარგი ვერ აანაზღაურა, რაც ქვეყანას პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა მოუტანა. შიდა ტურიზმის წილი ქვეყანაში საერთაშორისოსთან შედარებით მხოლოდ 20-25%-ია

მოვლენები ყველაზე პესიმისტური სცენარით ვითარდება - ასეთ შეფასებას აძლევენ ანალიტიკოსები საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებულ რეალობას. ეს კი ნიშნავს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, ჯამში, დაახლოებით, 2.5 მილიარდ დოლარს დაკარგავს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი, კახა სამყურაშვილი.

რა დატვირთვით მუშაობენ სასტუმროები რეგიონებში და კიდვ რა პროგნოზები კეთდება ტურიზმის მიმართულებით, წაიკითხე მეტი სანდრო ჯუფალაკიანის სტატიაში.

11 აგვისტოს საღამოს ბელარუსი მოწმე გახდა არჩევნების შემდგომი მორიგი საპროტესტო მღელვარებისა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების მზარდი რეპრესიების ფონზე ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას მთავარი პრეტენდენტი, სვიატლანა ციხანოუსკაია.

XS
SM
MD
LG