Accessibility links

ბანკები ვალის მქონე მოქალაქეებს შვილებისთვის მიღებულ 200 ლარს ანგარიშზე დაუტოვებენ


ელექტრონული განაცხადი, რომელიც 18 წლამდე ასაკის ბავშვების 200 ლარიანი სოციალური დახმარების მისაღებად ივსება

საბანკო ვალის მქონე მოქალაქეებს, რომელთა 18 წლამდე ასაკის შვილებს სახელმწიფო 200 ლარიან სოციალურ დახმარებას უწევს, ანგარიშზე ჩარიცხული თანხა დავალიანების დასაფარად არ ჩამოეჭრებათ. ეს წესი ეხება ბავშვების კანონიერ წარმომადგენლებსაც.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა მიაღწიეს: "შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს“.

საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა 1 სექტემბრიდან დაიწყება.

საქართველოს მთავრობამ 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200 ლარიანი სოციალური დახმარება გაიცემა.

15 აგვისტოდან ამოქმედდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ონლაინპორტალი daxmareba.moh.gov.ge, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ მშობლები, ან ბავშვების კანონიერი წარმომადგენლები.

მთავრობის ინფორმაციით, პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. რეგისტრაცია 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG