Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური აპოკალიფსი ჰოლივუდში


“ჩვენ” (“Us”, 2019, აშშ, რეჟისორი ჯორდან პილი)

ზაფხულია და არ გვინდა ამდენი სერიოზული კინოო, ერთმა მკითხველმა მომწერა. რა ვიცი, ვინ რაზე ერთობა და ვის რაზე ეცინება. მე, მაგალითად, “როზმარის შვილის” შემდეგ, პოლ ვერჰოვენის სურათებს თუ არ ჩავთვლით, საშინელებათა ჟანრის, ანუ “ჰორორის”, არც ერთი ფილმი არ მინახავს, სადღაც შუა ნაწილში რომ არ მომწყინდეს.

არადა, მართლა კარგი ჟანრია ჰორორი, კინოს უამრავი ხერხი და საშუალება აქვს შიშის, გამოუვალობის, პანიკის განწყობილების შესაქმნელად. თუკი ეს თვითმიზნურად არ კეთდება და რაღაც კათარზისის მსგავსი ეფექტის შექმნას ემსახურება, შეიძლება შედევრთან გვქონდეს საქმე, როგორიცაა, მაგალითად, ჰიჩკოკის ფილმები ან იგივე “როზმარის შვილი”.

ოჯახი ხვდება თავის ასლს. ადამიანი ხვდება თავის ორეულს. რამდენი კარგი და სერიოზული ფილმი გადაუღიათ ამ თემაზე. ქშიშტოფ კიშლოვსკის “ვერონიკას ორმაგი ცხოვრება”, საერთოდ, შედევრია, სრული წინასწარმეტყველება იმისა, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება მსოფლიოში და, ამავე დროს, დიდი პოლონელი რეჟისორის გულისტკივილიც მსხვერპლის გამო, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან “სჭირდებოდა” ისტორიას: პოლონელი ვერონიკა მოულოდნელად კვდება, რაც მის ორეულს ბედნიერს ხდის საფრანგეთში. დასავლეთს სრული კეთილდღეობისთვის ზვარაკის მოთხოვნილება აქვს.

სულ ახლახან, როცა ჯორდან პილის ფილმი “თავს უშველე” ამერიკული “ოსკარით” აღინიშნა, ბევრი ჩემი კოლეგა ამტკიცებდა, რომ კინოაკადემია პოლიტკორექტულობის მსხვერპლი აღმოჩნდა და მხოლოდ ამიტომ მიანიჭა “ოსკარი” შავკანიანი რეჟისორის საშუალო სურათს. მაგრამ აი, ჯორდან პილი კვლავ უბრუნდება “ჰორორის” ჟანრს თავის ახალ ფილმში “ჩვენ” და ისევ ახერხებს მაყურებლის ყურადღების მიქცევას, უფრო მეტიც, არაერთი კრიტიკოსი მას ახალი ამერიკული კინოს ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნევს. ჯორდან პილი თითქოს გვიამბობს იმაზე, რაც სულ ახლახან მოხდა შეერთებულ შტატებში. კიშლოვსკისა არ იყოს, ის გველაპარაკება მომავალზე და იხსენებს წარსულს, არა მარტო შეერთებული შტატების უახლეს ისტორიას (1986 წლის აქციას “ჩავკიდოთ ხელი ამერიკის გარშემო”), არამედ უფრო ძველს - მთლად ბიბლიას! აქაც თამაშდება მსხვერპლის ფორმულა: პროგრესს, იმისათვის რომ ის შედგეს, მსხვერპლი სჭირდება!

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ეს მსხვერპლი, ეს დამალული ჩრდილები, ეს ჩვენი ორეულები, გამოიღვიძებენ და შურს იძიებენ.. ეს რომ მოხდება, აღარ დაიწყოთ მერე: “მაღაზიებს რატომ ქურდავენ” და “ძეგლებს რაღას ერჩიან?”... “ჩრდილების” შურისძიება რეალობაა!. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინაა “ორიგინალი” და ვინაა მისი ასლი. სასტიკი ამბოხი, სისხლიანი ამბოხი მაინც მოხდება. ოღონდ არ იფიქროთ, რომ კონფლიქტს ფილმში “ჩვენ” ანტირასისტული ხასიათი აქვს, ანდა, თუნდაც, ანტიკოლონიალიზმია პილის ფილმის თემა. არამც და არამც! თავისი უფროსი კოლეგის და, გარკვეული თვალსაზრისით, მასწავლებლის, სპაიკ ლისგან განსხვავებით, ჯორდან პილი ახერხებს და დღევანდელი ჰოლივუდისთვის არც ისე პოპულარულ სოციალურ პრობლემატიკას ეჭიდება. აჩრდილები ხაზგასმით ამბობენ, რომ არ არიან უცხოპლანეტელები, კატეგორიულად აღნიშნავენ, რომ ამერიკელები არიან (ალბათ, აქედან მოდის ფილმის სათაური “ჩვენ”, თუმცა სიმბოლიკის მოყვარული კრიტიკოსები სიტყვაში “Us” მთლად შეერთებულ შტატებს ხედავენ)... ჯორდან პილი, ფაქტობრივად, მიმართავს ფრიც ლანგის “მეტროპოლისის” ინტერპრეტაციას (ეგაა რომ, მიწიქვეშა ჯოჯოხეთის მკვიდრს აქ ხელისუფლება ქმნის), უფრო სწორად, გადააქვს ეს ამბავი ორად გაყოფილ სამყაროზე “საშინელებათა კინოს” ჟანრში. სოციალური კეთილდღეობა ისევ და ისევ სხვის ხარჯზე მიიღწევა. სხვანაირად არ გამოდის. შესაბამისად, სტაბილურობა და კეთილდღეობა ქიმერაა. დღეს თუ არა, ხვალ მისგან არაფერი დარჩება.

ხელისუფლება მიმართავს “კლონირებას”, ქმნის ორეულების სამყაროს, რათა მათი დახმარებით შემდეგ ადვილად შეძლოს “ორიგინალების” მართვა. ისევ იქმნება მოჩვენებითი სიმეტრია, როგორც კორეულ ფილმში “პარაზიტები”. ეგაა რომ, ჯორდან პილი თავისი ფილმის სიუჟეტისთვის უშუალოდ კინოს ბუნებას, მის სპეციფიკას ეყრდნობა. ანუ ამბავი, რომელიც თამაშდება ფილმში “ჩვენ”, შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ და მხოლოდ კინოს ენით - აი, როგორც ინგმარ ბერგმანის “პერსონის” დასაწყისშია. იქ, ფილმის ეპილოგში, ბერგმანი ღიად ამბობს, რომ ახლა ვნახავთ ფილმს, არტეფაქტს, რომელიც რეალობაში არ უნდა ავურიოთ. ამიტომ ამ კადრში, ქალის ახლო ხედში, ქალისა,რომელსაც ბავშვი ეხება, კინოს “არქეტიპული ფუნქცია” წარმოჩნდება - გვემსახუროს როგორც სარკე და წარმოგვიდგინოს რეალური “მეს” შეხვედრა საკუთარ ანარეკლთან. ასეა აქაც, ფილმში “ჩვენ”. აქ ავტორი უკვე პირდაპირ გვეუბნება, რომ ეკრანზე ასახული რეალობის “ანარეკლი” ერთია, მაგრამ სულ სხვაა, როცა ცხოვრების არეკლილი ორეული, ანუ ის, რაც “სარკის მიღმაა”, პირდაპირ შეგვეჯახება, როცა კინო აღარაა მხოლოდ კინო, მათ შორის აღარაა “საშინელებათა კინო” ის, რამაც შეიძლება გაგართოს და ჩემსავით არ მოგაწყინოს. ეს ანარეკლი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

გახსოვთ სტივენ სპილბერგის “უცხოპლანეტელი”? უსაყვარლესი “ET” და ასევე საყვარელი ბავშვები, რომლებიც მას ინგლისურს ასწავლიან? ეს დამჯერი უცხოპლანეტელი ნიჭიერი აღმოჩნდა. დაემორჩილა ბავშვებს! ჰოლივუდს წლების განმავლობაში სჯეროდა, რომ “ველური” შეიძლება მოფერებით და ალერსით დაიქვემდებარო. როგორც ჩანს, ეს უკვე გუშინდელი დღეა. 2019 წელი “ჯოკერის” და “პარაზიტის” ტრიუმფით დაიწყო და დასრულდა ჯორდან პილის ძალიან სასტიკი, ცოტა არ იყოს, ბოროტი ფილმით “ჩვენ”... სურათის ავტორი იმდენად ერიდება კომპრომისებს და იმდენად უარს ამბობს დაუთმოს პუბლიკას თავისი პრინციპები, მიმართოს თუნდაც სანტიმენტალურ პასაჟებს (როგორც ეს არანოვსკიმ გააკეთა “დედაში”), რომ ზოგიერთ ეპიზოდში ფილმის აღქმა მართლაც რთულდება. განსაკუთრებით სურათის მეორე ნახევარში იგრძნობთ, რომ აზრი გაგირბით და ვერ ასწრებთ ჩასწვდეთ ჯორდან პილის მძიმე და გადატვირთულ მეტაფორულ რიგს. ამან არ შეგაშინოთ! არაა აუცილებელი ჩასწვდეთ ყველაფერს, რასაც ეკრანზე ქმნის პილი. ეს აბსურდული რეალობა, ადამიანების ეს კონფლიქტი თავიანთ ორეულებთან, ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ხშირად გაგახსენდებათ (მეტი, აბა, რა არის კარგი კინო!) და შესაძლებელია, ამის მერე უფრო ადვილად მოუყაროთ თავი ყველაფერს, რაც ეკრანზე ნახეთ. უფრო მეტიც, - ვინ იცის, კიდევ რას გვიმზადებს მომავალი? კინო კი არა, რეალური ცხოვრება. ვინ იცის, კიდევ როგორ განსაცდელს შევეჭიდებით მომავალში? არა მარტო ამერიკელები, არამედ ყველა, ჩვენ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG