Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 სექტემბერს


რა არის აკრძალული, რა არის სავალდებულო მას მერე, რაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო?

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ თარიღამდე 60 დღით ადრე, ანუ 31 აგვისტოდან, წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოცხადდა.

მომდევნო ორი თვე პარტიები, ბლოკები, სანიციატივო ჯგუფები და მაჟორიტარი კანდიდატები შეეცდებიან, ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვონ. ამ პროცესში კი თამაშის წესები განსაზღვრული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამას მოითხოვს კანონი.

  • კანონი მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის ყველა კანონიერ მონაწილეს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლებები და ერთნაირი ვალდებულებები.
  • აუცილებელი პირობაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და პარტიის ქმედებები; ისევე, როგორც სახელმწიფოსა და პარტიის ფული.

კიდევ რა არის სავალდებულო და რის გაკეთება ჩაითვლება უკანონოდ კენჭისყრამდე დარჩენილ 60 დღეში? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

კოკოითი ბიბილოვის წინააღმდეგ

ცხინვალში პოლიტიკური მღელვარებაა. გუშინ აქცია დაიგეგმა ფეისბუკში და კიდევ ერთხელ გაჟღერდა დე ფაქტო ოპოზიციის მოთხოვნები: დე ფაქტო პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა, ძალოვანი უწყებების რეფორმირება, ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა.

სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ ბიბილოვის ხელისუფლებამ სოფლებიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზები გადაკეტა, რათა ხალხი მიტინგზე ვერ მივიდეს.

დაწყებული არეულობის ფონზე გააქტიურდა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რომელიც აქციებს უჭერს მხარს.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ერთ-ერთია, ვინც ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება. მან ბოლო დღეებში ისიც შეამჩნია, რომ ზოგიერთი სამოქალაქო აქტივისტი არჩილ ტატუნაშვილის სახელსა და გვარს ახსენებს. ბენდიანიშვილის აზრით, ბიბილოვმა ავტორიტეტი დაკარგა და მისი ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ქვეშ დგას. წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

შაქარაშვილის საქმე: დღეს არასრულწლოვანი ბრალდებულების პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გუშინ გადაიდო. სხდომა დღეს,11:30 საათზე განახლდება.

ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

პარალელურად, საქმის სრულწლოვანი ბრალდებულები ციხიდან შეტყობინებებს აგზავნიან. მათი თქმით, სისტემა მათზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ბრალი აღიარონ.

წერილები ციხიდან, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დღეიდან მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და ქარი, რაც შექმნის ხანძრების ხელშემწყობ პირობებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს ტყის ხანძრების ხელშემწყობი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ. მათი ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და, ამასთან, ძლიერი ქარი, რაც შექმნის ტყის ხანძრებისთვის ხელშემწყობ პირობებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა აიწევს ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში კი 30, 35 გრადუსამდე.

1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა ნავალნის გამოძიება ნოვოსიბირსკში კორუფციის შესახებ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა ნოვოსიბირსკელი ჩინოვნიკების უკანონო ბიზნესის შესახებ გამოძიების შედეგები. ეს ბოლო მასალა იყო, რაზეც ნავალნი ჯანმრთელობის გაუარესებამდე მუშაობდა. ის ახლა გერმანიაში, „შარიტეს“ კლინიკაში იმყოფება. გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ შესაძლოა ნავალნი მოწამლული იყოს.

40-წუთიან ფილმში, სახელწოდებით „ვინ ჩაიგდო ხელში ციმბირის დედაქალაქი და როგორ გავათავისუფლოთ ის“, მოთხრობილია ნოვოსიბირსკის ქალაქის საბჭოს დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, რომლებიც არიან მსხვილი კომპანიების ბენეფიციარები. გამოძიების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩინოვნიკების ძვირფას საათებზე, ავტომობილებსა და უძრავ ქონებაზე უცხოეთში.

წაიკითხე მეტი და ნახე საგამოძიებო ფილმი აქ.

მშიერი ბავშვები, გარყვნილება და აკრძალული ქართული - სასწავლებლები ცარიზმის ეპოქაში

მე-19 საუკუნეში სწავლა მხოლოდ საზოგადოების მაღალი წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საჭირო განათლებას ხშირად ისინიც ვერ იღებდნენ. როგორი იყო რუსული იმპერიის პროვინციად გადაქცეული საქართველოს გიმნაზიები, სად უშვებდნენ სასწავლებლად და რა ცოდნა ჩამოჰქონდათ იქიდან ბავშვებს?

ლიტერატურის მუზეუმის მიერ 2013 წელს გამოცემული მწერალთა ავტობიოგრაფიების ორტომეულიდან ირკვევა, რომ ქართველი მწერლების უმრავლესობამ კარგა ხნის განმავლობაში ქართული არც წერა იცოდა და არც კითხვა, ხშირად კი ლაპარაკიც ავიწყდებოდათ. მიზეზი ის იყო, რომ მე-19 საუკუნის სასწავლებლებში ქართულად არაფერს ასწავლიდნენ.

იმის გამო, რომ სწავლა-განათლება ბავშვების მოთხოვნებს არ პასუხობდა, თითქმის ყველა სასწავლებელში რამდენიმე საიდუმლო წრე იყო ჩამოყალიბებული. ამ საიდუმლო წრეებზე მოხსენებების წასაკითხად ბავშვები რეფერატებსაც კი წერდნენ. აქ კითხულობდნენ და არჩევდნენ ქართულ წიგნებს, აკრძალულ ლიტერატურას, გაზეთებს. ეს გაზეთიც ჩუმად უნდა შეგეტანა.

წაიკითხე მეტი.

ამ კვირაში კორონავირუსით ადამიანების ხელმეორედ ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა აზიასა და ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამწუხარო სიახლეა, ინფექციების მეშვეობით მეცნიერებს შეუძლიათ დააკვირდნენ, თუ როგორ მუტაციას განიცდის ვირუსი, როგორ რეაგირებს ამაზე იმუნური სისტემა და როგორ უნდა მოხდეს პოტენციური ვაქცინის შესაბამისად ადაპტაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG