Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმე: ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს


“ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებგვერდები ჩნდება

გუშინ საღამოს პროკურატურაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელსაც უწყებაში მობილური ტელეფონი დაატოვებინეს შესწავლის მიზნით.

„დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ. იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო“, - ასეთი კომენტარი გააკეთა რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ და დაამატა, რომ მის ტელეფონში საეჭვოს ვერაფერს იპოვიან.

გუშინ, პროკურატურაში მისულმა მიხეილ რამიშვილმა მედიას უთხრა, რომ საქმეში არსებობს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ასრულებდა იმ მითითებას, რომელსაც სუს-ის თანამშრომლისგან იღებდა.

წაიკითხე მეტი.

ახალი კვლევა, ოპოზიციის ერთიანი ყულაბა და "მეგობრული ცეცხლი"

IPSOS-ის მიერ მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მომავალ პარლამენტში უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს; ხოლო ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნებისას“ მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მათ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შანსს აძლევს. ამ ფონზე, ოპოზიციის რიგებში ისევ იკვეთება დაპირისპირება - ამჯერადაც ძირითად საბაბს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წარმოადგენს.

ექსპრეზიდენტმა 20 სექტემბერს განაცხადა: „ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“, ანდა საქართველო დაიღუპება“. ამას ოპოზიციის ბანაკში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამბობდნენ, რომ მესამე პრეზიდენტი ორპოლუსიანობის გამტკიცებით ისევ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს.

ხმაურიანი განცხადებიდან მეორე დღეს კი, სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ოპოზიციის ერთობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ საერთო ინტერესები მეგობრული ცეცხლის გახსნით არ უნდა დაზიანდეს.

კვლევები, შანსები და დაპირისპირება არჩევნების წინ - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

COVID-19: ახალი ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ

დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მედიას ახალ ინფორმაციას გააცნობს კორონავირუსის გავრცელების შესახებ. გუშინ კი ახალ შემთხვევებთან ერთად ერთით იმატა გარდაცვლილთა რაოდენობამაც.

ვირუსის შედეგად გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი პაციენტი.

21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი 193 დადასტურებული შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარის რეგიონზე მოდის და 92-ს შეადგენს. ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც კორონავირუსის 53 შემთხვევა აღირიცხა. მომდევნო ადგილზე ამ ჩამონათვალში 31 შემთხვევით თბილისია. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში და 1 მცხეთა მთიანეთში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მაქარაშვილ-ბერძენიშვილ-კაჭარავას სარჩელები ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა სამი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა 2019 წელს 18 ნოემბერს თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაკავებისას, თავიანთი დარღვეული უფლებების გამო დავობენ.

როგორც იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი მიმართულებით იდავებენ.

„სამი მიმართულებით ვდაობთ - სამართიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევა და მესამე არის ის, რომ არ მოხდა ამ და სხვა ბევრი ადამიანის საჩივრების სააპელაციო სასამართლოში განხილვა და მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეებს მათი განაჩენების სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის საშუალება არ მიეცათ“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

წაიკითხე მეტი.

რუსეთში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები

რუსეთის სამხრეთში დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2020“, რომელშიც 80 ათასამდე სამხედრო პირი მონაწილეობს. მათ შორის, ეროვნული გვარდიის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური დანაყოფებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობისთვის მიწვეულია სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმისა და პაკისტანის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ რეგიონებში მდებარე პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია 250-მდე ტანკი, 450-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 200-მდე საარტილერიო და რეაქტიული სისტემა. სწავლება, რომელიც 26 სექტემბერს დასრულდება, მოიცავს შავ და კასპიის ზღვებსაც.

წაიკითხე მეტი.

3 მიზეზი - რატომ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე

ახლა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიაზეა გადართული, თუმცა მოდის ზამთარი და ახლოვდება გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველთვის აქტიურდებოდა წელიწადის ამ დროს. ახლა COVID-19 და სხვა ვირუსები ერთად იტრიალებს ხალხში, რაც გრიპის დანარჩენ ვირუსებზე აცრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. მით უმეტეს, რომ გრიპის სიმტომები ბევრად არც განსხვავდება კორონავირუსის სიმპტომებისგან.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ იდეალური იქნებოდა, თუკი ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაცვის მიზნით აიცრებოდა ყველა, ვისაც ბევრ ხალხთან უწევს ურთიერთობა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები და ა.შ.

რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, გვაქვს თუ არა ვაქცინის მარაგი და რა რეკომენდაციები აქვთ ინფექციონისტებს? წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში იმყოფება, ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მან მეუღლეს ქორწინების 20 წლისთავი მიულოცა და ფოტოს აღწერაში ვრცლად ისაუბრა იმ ემოციურ კავშირზე, რაც მასთან კომაში ყოფნის პერიოდში ჰქონდა.

„იულია, შენ მე გადამარჩინე! დაე, ამის შესახებ დაწერონ ნეირობიოლოგიის სახელმძღვანელოებში“, - ასე მიმართა მან ცოლს ინსტაგრამის პოსტში.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა კი სწრაფად უმჯობესდება. ის 20 აგვისტოს მოულოდნელად გახდა ცუდად თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, საიდანაც, ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, ნავალნი ბერლინში გადააფრინეს. გერმანიის არმიის, ასევე ორი სხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, მის სხეულში აღმოაჩინეს ნერვული აგენტი სამხედრო კლასის ნივთიერებების, „ნოვიჩოკის", ჯგუფისა. ნავალნი 7 სექტემბრამდე იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში.

9 სექტემბერს ბელარუსში ქალთა საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის იყო ნინა ბაჰინსკაია, სუსტი აღნაგობის, მაგრამ მტკიცე ადამიანი.

კენჭისყრის შედეგებს ოპოზიცია, ასევე დასავლეთის ქვეყნები გაყალბებულად მიიჩნევენ.

ანა ბაჰინსკაია რეგულარულად ჩანდა დემონსტრაციებზე, მას ხედავდნენ მინსკის ქუჩებში, როგორ არ ეპუებოდა უშიშროების ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG