Accessibility links

“ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარების სია ცნობილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 სექტემბერს


"ძალა ერთობაშია" - "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატების სია ცნობილია

"ძალა ერთობაშიამ", რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პარტიების საერთო კოალიციაა, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. სია პარტიის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.

ნიკა მელია - გლდანი, ლევან ხაბეიშვილი - სამგორი, ლევან ვარშალომიძე - ბათუმი, გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი, ხატია დეკანოიძე - ისანი: ეს კანდიდატების არასრული სიაა, რომლებიც გუშინ საღამოს 25 ოლქში დასახელდა. „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატებს შორისაა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც. ის “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარად დაასახელა. ჟორჟოლიანის თქმით ის ყოველკვირეულ გადაცემას ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისევ წაიყვანს.

მაჟორიტარების სრული სია იხილე აქ.

კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის 76 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმში მკურნალობდა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 25-ს აღწევს.

გუშინ საქართველოში ვირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 165 შემთხვევა ისევ აჭარაში დაფიქსირდა. შექმნილი ვითარების გამო წითელ ზონად ქცეულ აჭარაში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჩავიდა. მისი თქმით ბათუმში 141 პაციენტი მოინახულა, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე იყო.

რამდენად რთულადაა საქმე აჭარაში, წაიკითხე მეტი.

ლუკაშენკას გასაიდუმლოებული ინაუგურაცია და ხალხის პროტესტი ბელარუსში

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამოცხადებული გამარჯვების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკამ გუშინ მინსკში მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და ხალხმრავლობის გარეშე პრეზიდენტის ფიცი დადო. ინაუგურაცია იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მისი თარიღის შესახებაც კი არავინ იცოდა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამარჯვებას არჩევნებში, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევა, არ აღიარებენ დასავლეთის ქვეყნები. მას პრეზიდენტად არ აღიარებს ის ხალხიც, რომლებიც საიდუმლო ინაუგურაციით გაბრაზებული ისევ ქუჩაში გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით 23 სექტემბრის აქციაც წინა პროტესტების მსგავსად დაკავებებით დასრულდა.

წაიკითხე მეტი.

ლარს ინტერვენციამ ვერ უშველა, ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია ლარის გაუფასურების შემაჩერებელი ვერ აღმოჩნდა. დღვანდელი ოფიციალრი გაცვლითი კურსი ისევ ლარის კურსის ვარდნას აჩვენებს.

24 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2641 ლარი (23 სექტემბერი - 3.2537);
  • 1 ევრო - 3.8226 ლარი (23 სექტემბერი - 3.8267);

წაიკითხე მეტი.

Le Monde: პუტინი არ გამორიცხავს, რომ ნავალნიმ თავი მოიწამლა

ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხება საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის 14 სეტემბერს გამართულ სატელეფონო საუბარს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ.

Le Monde-ის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ შესაძლოა, ნავალნიმ საწამლავი თავად მიიღო დაუდგენელი მიზეზით. გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა თქვა, რომ ნავალნი უბრალოდ, ინტერენტში არეულობის შემტანი პირია, რომელიც ადრე სხვადასხვა დაავადებას იგონებდა. მაკრონის მკაფიო პოზიცია იყო, რომ „ნოვიჩოკს“ კერძო პირი ვერ გამოიყენებდა.

გავრცელებულ ინფორმაციას თავად ალექსეი ნავალნიმ ინსტაგრამ პოსტით უპასუხა. მან ნახევრად ხუმრობით დაწერა, რომ „ნოვიჩოკი სამზარეულოში მოადუღა“.

წაიკითხე მეტი.

საარჩევნო დაპირებები - რეალური გეგმები და სადღეგრძელოები

ყოველი არჩევნების წინ მრავალნაირი, გულუხვი დაპირებების ჟამი დგება. თუმცა ის, რაც ყურს სიამოვნებს, ანალიტიკოსების დაკვირვებით - ხშირად არა რეალისტურ, შესრულებად გეგმებს, არამედ ცრუ დაპირებებსა და სადღეგრძელოებს წარმოადგენს.

„ქართულ ოცნებას“, რომელიც მომავალ არჩევნებშიც გამარჯვებას უმრავლესობით გეგმავს, მომავალი ოთხი წლის საარჩევნო პროგრამა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. არქივს კი შემორჩა დაპირებები მათი წინა კამპანიებიდან, რომელიც ოპოზიციისა და ანალიტიკოსების აზრით მმართველ გუნდს არ შეუსრულებია.

რა განსხვავებაა წინასაარჩევნო დაპირებებსა და პროგრამულ დასაბუთებას შორის? ვის როდის და რა მოეთხოვება? რატომ არის აუცილებელი, რომ პარტიებს ხალხმა დაპირებების დასაბუთება მოსთხოვოს?- წაიკითხე მეტი ლელა კუნჭუულიას სტატიაში.

ამ ინტერვიუში თქვენ მოისმენთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 14 წლის ლუკას დედის, ნინო მხეიძის მონათხრობს, თუ როგორ არ აღმოჩნდა არსად ადგილი გარდა ფსიქიატრიული დაწესებულებისა ამ ქვეყანაში, მისი შვილის დასახმარებლად და მისი ქცევის სამართავად.

რა გზა რჩება მშობელს, რომელსაც სახელმწიფო ყველაფერზე უარს იმ მოტივით ეუბნება, რომ დღეს შესაბამისი სერვისი არ არსებობს, ლუკასნაირი ბავშვი კი ქვეყანაში „არც ისე ბევრია“?!.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG