Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვენდობი ამ ექიმებს”- აფხაზი კოვიდპაციენტები ქართულ კლინიკებში, როგორ წაშალა პანდემიამ გამყოფი ხაზი


ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან ასზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა ქართულ კლინიკებში. შეიძლება თუ არა, პანდემია გახდეს აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში ნდობის მცირედით აღდგენის საბაბი? რადიო თავისუფლება აფხაზ პაციენტებს, ქართველ ექიმებს და პაციენტების დახმარებაში ჩართულ ადამიანებს ესაუბრა.

„ასე 21-22 სექტემბერი იქნებოდა, სიცხემ ამიწია, ყელში წვა ვიგრძენი, მადა დავკარგე, მუცელში უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა. ეგრევე მივხვდი [რომ კოვიდი მაქვს]... 25-ში, პარასკევ საღამოს, სახლში ჩვენებს ვეუბნები: ჩამილაგეთ ნივთები, უნდა წავიდე. დავურეკე ალუს, ალუ მეუბნება: ახლავე გადმოდი აქეთ!” - უყვება რადიო თავისუფლებას კოვიდინფიცირებული პაციენტი აფხაზეთიდან, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობს.

პირველი პაციენტები

ემზარი (სახელი შეცვლილია) სოხუმში ცხოვრობს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში დახმარება მან ალუ გამახარიას სთხოვა. ალუ „ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” დირექტორია. მისი ორგანიზაცია, წლებია, აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღებაში ეხმარება. ამასვე აკეთებს ახლაც, კოვიდ-19-ის პანდემიისას.

ალუ გამახარია
ალუ გამახარია

ვის შესახებაც ჩვენ გვთხოვენ დახმარებას მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები, ესენი არიან ხოლმე, როგორც წესი, მძიმედ დაავადებულები. ერთ-ერთს, მაგალითად, იმდენად რთული პნევმონია ჰქონდა, რომ ფილტვების 60 % სითხით ჰქონდა სავსე, ვერ სუნთქავდა. უმრავლესობა ასეთია. თუმცა ახლახან დროულად გადმოიყვანეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მალე განიკურნება”, - უყვება ალუ გამახარია რადიო თავისუფლებას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართველმა ექიმებმა 29 მარტს მიიღეს - თითქმის ერთი თვის შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ერთ-ერთმა წყარომ ოფიციალურ უწყებაში, რომელიც აფხაზეთიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების დახმარების პროცესშია ჩართული, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 22 მარტიდან დღემდე ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, რომელიც ოფიციალური თბილისისა და საერთაშორისო დოკუმენტებში ოკუპაციის ხაზად მოიხსენიება, სხვადასხვა სიმპტომით 526-მა პაციენტმა გადალახა, მათ შორის 103-ს კოვიდის დადასტურებული დიაგნოზი ჰქონდა.

აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების ზუსტი რიცხვის დადგენა ჭირს. ყველა უწყება, რომელიც პროცესში მონაწილეობს, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, ამ თემაზე საჯაროდ დეტალური ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს. ოფიციალური უწყებები თავისუფლებას უხსნიან, რომ ყველა „ზედმეტმა სიტყვამ” შესაძლოა პაციენტების დახმარება გაართულოს.

ენგურის ხიდის იქით და აქეთ

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, 6 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 117-მა კოვიდინფიცირებულმა იმკურნალა ან მკურნალობს ენგურს აქეთ კოვიდკლინიკებში.

ენგურჰესი
ენგურჰესი

სექტემბრის პირველ ნახევარში ვირუსი “ენგურჰესის” საბერიოს ქვესადგურზე ჰესის თანამშრომლებს შორის გავრცელდა. ჰესის დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, საერთო ჯამში, დიაგნოზი მის 50-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა. ყველა მათგანს პირველადი ტესტირება ადგილობრივი ექიმის დახმარებით ჩაუტარდა, რომლის დახმარებითაც ნაცხის ნიმუშები ზუგდიდის საავადმყოფოს ლაბორატორიაში დამუშავდა.

დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეთანხმებული წესით ხვდებიან. პაციენტი ენგურის ხიდამდე დე ფაქტო რესპუბლიკის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას მოჰყავს, სადაც მას სასწრაფო მანქანა ელოდება სპეციალური ეკიპირებით.

800-მეტრიანი ენგურის ხიდის თავთან საქართველოს პოლიცია დგას, მეორე ბოლოში კი ე.წ. აფხაზური საგუშაგოა. ყველა მხარე პაციენტის მგზავრობის შესახებ ინფორმირებულია და ტრანსპორტს შეუფერხებლად ატარებენ.

„მესაზღვრეებმა სასწრაფოში ჩამსვეს და ქუთაისში რომელიღაც კლინიკაში მიმიყვანეს. არ ვიცი, რა ჰქვია. 2 დღე ვიყავი. ანალიზები ჩავაბარე. ღამის პირველზე გამაღვიძეს. მეუბნებიან: მოემზადეთ. მეთქი - საით? მპასუხობენ: კოვიდი დაგიდასტურდათ, ინფექციურ საავარმყოფოში უნდა წაგიყვანოთ”. მომიყვანეს აქ, აქაც ჩავაბარე ანალიზი. მკურნალობა გრძელდება, ყველაფერი ნორმალურადაა, კარგად ვგრძნობ თავს“, - ამბობს ემზარი სოხუმიდან, რომელიც საჩხერეში მკურნალობს. ემზარს თავისუფლება რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.

აფხაზეთიდან სხვა პაციენტებზეც ხომ არ იცით რამე?

ემზარი: აი, ჩემს მეზობლად დღეს ჩამოვიდა ცოლ-ქმარი აფხაზეთიდან. ცუდად არიან. კიდევ ერთი ჩემი კარგი ნაცნობი ბათუმში წევს. ისიც ცუდად გრძნობს თავს. კიდევ ერთი ქუთაისში წევს, იმას უკვე ყველაფერი წესრიგში აქვს, გამოძვრა. ამბობენ, კიდევ ერთი პაციენტია, მარა იმას მე არ ვიცნობ.

ე.ი. აქ ჩამოსვლა თავად მოინდომეთ?
ემზარი: კი, კი. არაერთხელ მიმკურნალია აქ მანამდე. ვენდობი ამ ექიმებს.

რას გეუბნებიან?
ემზარი: სიმართლე რომ ვთქვა, რუსულად ცუდად ლაპარაკობენ. თარგმანში აქაური კაცები მეხმარებიან, ქართველები. ვეკითხები: რამდენი ხანი აჩერებენ ხოლმე კლინიკაში პაციენტებს? ჩვეულებრივ, 14 დღეო, მეუბნებიან.

რას ფიქრობდით პანდემიაზე, სანამ ავად გახდებოდით?
ემზარი: სიმართლეს გეტყვით, მეგობრები დამცინიან, შენ არ იყავი, რომ არ გჯეროდაო. მართლა არ მჯეროდა... ოთხი დღე საერთოდ არაფერი მიჭამია - როგორ გადავრჩი ცოცხალი, აზრზე არ ვარ. ახლა ცოტას ვჭამ, ძალით. გუშინ ექიმებმა მითხრეს, ხვალ უკეთ გახდებიო. ეგრეც მოხდა.

ემზარი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები სოხუმში, სახლში დარჩნენ. ანალიზები კი ჩააბარეს, მაგრამ პასუხები ჯერ არ არის. კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად აფხაზეთში ტესტირების პასუხები იგვიანებს. PCR-ტესტირებას მხოლოდ ერთი ლაბორატორია ატარებს, რომელიც ინფორმაციის დამუშავებას ვეღარ აუდის. სტაციონარში ძირითადად მძიმე პაციენტები გადაჰყავთ, ყველა სხვა - სახლში რჩება და მასთან ერთად სავალდებულო იზოლაციაში მიდის ოჯახის ყველა წევრიც.

„გუდაუთის საავადმყოფოს მხოლოდ 60 საწოლი აქვს, პაციენტს ვერც წამალს აძლევენ და სახლში უშვებენ. მე ჩავიტანე აპრილში და მაისში სპეცტანსაცმელი ექიმებისთვის, ჩემი ფულით ნაყიდი. ამის მერე, როგორც ვიცი, არაფერი შეუტანიათ. ამიტომ ძირითადად აქეთ მოჰყავთ პაციენტები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოთარ მარშავა, კლინიკა „ლანცეტის“ ქირურგი. ის, წლებია, ჩართულია აფხაზეთიდან მძიმე პაციენტების სამკურნალოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესში.

რას ნიშნავს ჩანაწერი “საჭიროებს აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მკურნალობას"

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ფეისბუკზე ყოველდღე ავრცელებს ცნობებს დადასტურებული შემთხვევების შესახებ. მაგალითად, 7 ოქტომბრის მონაცემებით, 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუდაუთის კოვიდის ჰოსპიტალში 134 ადამიანი მკურნალობდა, მათგან 18 მძიმე მდგომარეობაში. სულ, იმ მომენტისთვის, პირველი შემთხვევიდან 2071 დადასტურებული შემთხვევა აღრიცხეს; 19 ადამიანი გარდაიცვალა.

პრესრელიზებში პერიოდულად ხვდება ინფორმაცია რუსეთში სოჭის (დაგომისის) კლინიკაში მძიმე პაციენტების გადაყვანის შესახებ, თუმცა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრილი პაციენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ერიდებიან.

დე ფაქტო სამინისტრო არც ქართულ კლინიკებში გარდაცვლილ აფხაზ პაციენტებზე წერს. უწყების ფეისბუკგვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, აფხაზეთში მცხოვრები რამდენი ადამიანი გარდაიცვალა „აფხაზეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთო“, რაზეც სამინისტროს პასუხი იყო: „ორი ლეტალური შემთხვევა“.

ადგილობრივმა მედიამ გააშუქა ქუთაისის კლინიკაში სოხუმის #1 სკოლის პედაგოგის, 60 წლის ლუდმილა ანუას, გარდაცვალება, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში კი თქვეს, რომ „მასწავლებლის გარდაცვალება სტატისტიკაში არ შევა, რადგან რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოხდა“.

ლუდმილა ანუა ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში” გარდაიცვალა. კატასტროფის ბრიგადამ იგი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით და ორმხრივი პნევმონიით 19 სექტემბერს მიიყვანა. პედაგოგი მალევე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, მაგრამ სიცოცხლე ვეღარ შეუნარჩუნეს.

„მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, ლეიკემია. ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა... კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - თქვა ექიმმა-ინფექციონისტმა არჩილ ჯალაღონიამ, რომელიც კლინიკაში აფხაზეთიდან შეყვანილ პაციენტებსაც მკურნალობს.

სად ხვდებიან პაციენტები აფხაზეთიდან

კლინიკა "ბომონდი"
კლინიკა "ბომონდი"

პაციენტები აფხაზეთიდან ძირითადად ქუთაისის ორ კლინიკაში ხვდებიან. პირველ რიგში კოვიდინფიცირებულებს „ბომონდი” იღებს, საჭიროების შემთხვევაში კი - ინფექციური საავადმყოფო „ლჯ და კომპანი”. ყველაზე მეტი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან „ბომონდში“ მკურნალობს, მათ შორის, ყველა ორსულიც. „ბომონდი” აფხაზეთიდან ორსულ პაციენტებს პანდემიამდეც იღებდა.

მას შემდეგ, რაც კლინიკაში კოვიდის ცხელების ცენტრი გაიხსნა, პირველი პაციენტი 19 აპრილს გალის რაიონიდან მიიღეს. კლინიკაში ამბობენ, რომ 32 წლის ორსული კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა.

30-31 კვირის ორსულს ფილტვების ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. უკვე გაძნელებული სუნთქვით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, საკეისრო კვეთა აუცილებელი გახდა. ახალშობილს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, დედას კი ატიპური პნევმონიით ორი კვირის მანძილზე ბოქსირებულ განყოფილებაში ვმკურნალობდით”, - უთხრა თავისუფლებას კლინიკის დირექტორმა მამუკა მიქაძემ. „ბომონდის” პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და შვილთან ერთად გალში დაბრუნდა.

კლინიკის ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისისთვის, საერთო ჯამში, აფხაზეთიდან გადმოყვანილ 300-მდე სხვადასხვა სირთულის პაციენტს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება. რამდენიმე მათგანს კორონაროგრაფია და სხვა, სხვადასხვა სირთულის, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. სახელმწიფო მანამდეც ნებისმიერ პაციენტს ყველ ხარჯს უფარავდა დიაგნოსტიკის ღირებულების გამოკლებით.

ქუთაისის კლინიკებში პაციენტები სრულ გამოჯანმრთელებამდე რჩებიან, აფხაზეთში კი ისევ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით ბრუნდებიან. გამყოფი ხაზის იქით მათ ნათესავები ხვდებიან.

“ზოგი ჭირი მარგებელია”

ალუ გამახარია
ალუ გამახარია

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ დირექტორი ალუ გამახარია ამბობს, რომ, როგორც წესი, პაციენტების გადმოყვანის საკითხი გალის კლინიკის ხელმძღვანელობასა და მიმღებ მხარეს შორის თანხმდება. რადიო თავისუფლებას მან აუხსნა, როგორ მუშაობს სისტემა.

თბილისიდან ვინ ან რა უწყებებია ჩართული?
ალუ გამახარია: ეს არის ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა და მერე ერთვება ხოლმე სხვა სამსახურები - ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ. ყველა ინფორმაცია [ამირან] გამყრელიძის უწყებამ იცის.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების თანხმობის გარეშე შესაძლებელია აფხაზეთიდან პაციენტის გადმოყვანა?
ალუ გამახარია: ისინი [აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება] არ წერენ, რომ პაციენტი საქართველოში გადმოდის. როგორც წესი, წერენ ხოლმე „საჭიროებს აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მკურნალობას“ და ასე გადმოჰყავთ ხოლმე. ეს 99 % შემთხვევაში ნიშნავს, რომ საქართველოში მოჰყავთ... ხშირ შემთხვევაში შინაურულად ურჩევენ, აქ გადმოვიდნენ სამკურნალოდ. ეს ბევრისგან გამიგია.

თუ შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის საფრთხემ რაღაც ტიპის სარგებელი მოუტანა ურთიერთობის დათბობას?
ალუ გამახარია: მეტი გაგებაა, რომ იქნებ მოხდეს ექიმებს შორის ინფორმაციის გაცვლა... მარტო ჩვენმა ორგანიზაციამ 200-მდე ადამიანს გაუწია კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში ვინც მკურნალობდა, მათგან ორმა [ექიმები იყვნენ] არა მარტო დაამარცხა ვირუსი, არამედ შესანიშნავი სტაჟირებაც გაიარეს. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. ეს ადამიანები კი ავად გახდნენ და ვირუსი გადაიტანეს, მაგრამ ცოდნაც მიიღეს. კარგია, რომ ახლა იქ უფრო ეფექტურად იმუშავებენ.
ხო იცით, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ამან მთელი რიგი პოლიტიკური საკითხები გადასწია გვერდით. წინ დადგა სიცოცხლის დაცვის საკითხი.

  • 16x9 Image

    გელა ბოჩიკაშვილი

    გელა ბოჩიკაშვილი არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2020 წლიდან.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

XS
SM
MD
LG