Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად გარკვეული სტაბილურობის ნიშნებს ხედავს


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ მოიმატებს. „ამის მიუხედავად დღეს გვაქვს პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება“, - თქვა მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანახმად, მართვის პროცესში ხარვეზები ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება, „ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა, შეიძლება ითქვას, მოხსნილია“ და მთავარი ამოცანაა პროცესის მართვადობის შენარჩუნება.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამისთვის აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა აუცილებელი წესების და რეკომენდაციების დაცვით, რადგან თუ პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის წესები 90%-ით შესრულდება, ვირუსის გავრცელების შენელება შესაძლებელია დაახლოებით 70%-ით.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 350 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9751.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 183 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG