"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ტრადიციულად ადანაშაულებს ოპოზიციას თითქოს წინასწარ დაგეგმილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ასე გამოეხმაურა ის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას იმის შესახებ, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ განიხილავს შეიარაღებული ამბოხის სცენარს და ამ საკითხზე მოქალაქეთა რეაქციის გასარკვევად კვლევას უკვეთავს „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპანია“ IPM-ს.
სალომე სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ თავის განცხადებაში აქცენტი იმ მაჟორიტარულ ოლქებზე გაამახვილა, სადაც „ქართული ოცნება“ განწირულია სრული კრახისთვის“. ირაკლი კობახიძის განცხადებას, სალომე სამადაშვილი წაგების წინ სახის დაკარგად აფასებს.
„["ქართულ ოცნებას"] აღარავინ აღარ დარჩა მისი სახელით სასაუბროდ, გარდა ყველაზე ოდიოზური ფიგურებისა, როგორებიც არიან კობახიძე, ქალბატონი წულუკიანი.... "ქართული ოცნების" დაქირავებული კოორდინატორებიც კი არ გეგმავენ, მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკურ ძალას", - თქვა სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ის საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღება არ მიაქციონ ამ განცხადებას და მშვიდად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მივიდნენ არჩევნებზე საკუთარი პოზიციის გამოსახატად, მაგრამ არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს „ქართული ოცნების“ და რუსეთის წინააღმდეგ“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას”, ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი „კრიმინალ ვანო მერაბიშვილის“ ხელმძღვანელობით. კობახიძის განცხადებით, ამ შტაბის ამოცანაა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მარნეულზე, ბოლნისზე, დმანისზე, ბათუმზე, ზუგდიდსა და გლდანზე.
უფრო ადრე, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველო“. პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „ირაკლი კობახიძის, სუს-ის და შეშინებული „ქართული ოცნების“ კრუნჩხვები“ უწოდა მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადებას.
გიგი უგულავას თქმით, კობახიძის განცხადებები იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობაა, რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნების მესამე დღეს, ორშაბათს, „ლოკდაუნის“ გამოცხადებით გეგმავს.
"ევროპული საქართველოს" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი პარტია არჩევნების ჩატარების შემდეგ, 2 ნოემბრიდან "ლოკდაუნის" გამოცხადებას გეგმავს. ბოკერიამ ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დისკუსიის მოწყობა შესთავაზა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება. ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებდა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყნის "ჩაკეტვა" არ იგეგმება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2000-მდე აღწევს, ჯამში კი ვირუსი 34 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 253 გარდაიცვალა.