Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-ით „დაწინაურებული“ საქართველო


თუკი საქართველოში ჩატარებული PCR ტესტის რაოდენობასა და ტესტირების შედეგად კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობას შევადარებთ ერთმანეთს, გამოდის, რომ ტესტების პასუხების ნახევარზე მეტი, დადებითია.

ასე მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო სამი დღეა, ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტების ყოველდღიური მაჩვენებელი 6000-მდეა, ანუ, იმაზე თითქმის 4000-ით ნაკლები, ვიდრე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ტესტების საშუალო მაჩვენებელი. სწორედ ამ დღეებში, ტესტირებით გამოვლენილი ინფიცირების რიცხვი კი 3000-დან 4000-მდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტების პასუხების 50-80% დადებითია.

ამ ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათასით ჩამორჩება ქვეყანაში რეალური ინფიცირების მაჩვენებელს. ამის საილუსტრაციოდ მას ვაშინგტონში მდებარე, „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროგნოზი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, შეფასებითი, ანუ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი, რეგისტრირებულ მონაცემზე დაახლოებით სამჯერ მეტია. ანუ, ამ პროგნოზის თანახმად, თუკი, მაგალითად, ბოლო, 24 ნოემბრის მონაცემზე შევჩერდებით და დადასტურებულ 3128 ახალ შემთხვევას სამზე გავამრავლებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 9000 ინფიცირებული უნდა გვყავდეს.

„ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციის თანახმად, 22 ნოემბრიდან, საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში იმყოფება. იმ შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, პიკის პერიოდი დეკემბრის პირველ რიცხვებამდე უნდა გაგრძელდეს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევათა კლება.

ყოველდღიური გარდაცვალების პიკურ მაჩვენებელს, „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტი“, დეკემბრის პირველ ათ დღეში პროგნოზირებს. მათი პროექციით, საქართველოში, ყოველდღიურად გარდაცვლილთა საშუალო რიცხვი 65,74 უნდა იყოს. რაც შეეხება კიდევ უფრო ვრცელ პროგნოზს, 28 თებერვლისთვის, საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 3700-ს მიაღწიოს.

კიდევ ერთ მონაცემს, რომელიც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სირთულეს ასახავს, New York Times აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, 22 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის დინამიკით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

გამოცემის თანახმადვე, საქართველოში, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ახალი ინფიცირების შემთხვევათა ყოველდღიური რიცხვი საშუალოდ 3,693 -ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 95.9 ახალ შემთხვევას გულისხმობს.

რომელ ქვეყანაში იზრდება ყველაზე სწრაფად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა? ამ კითხვაზე პასუხს იპოვით პორტალზე Our World in Data, სადაც თავს იყრის მონაცემები და ინფორმაცია სხვადასხვა გლობალური გამოწვევის, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიისა და მსოფლიოში მისი გავრცელების მასშტაბების შესახებ.

მკვლევრების მონაცემებით, რომლებიც პორტალზე გრაფიკის სახით არის წარმოდგენილი, ირკვევა, რომ საქართველო მესამე ადგილს იკავებს ახალი ინფიცირების შემთხვევების გაორმაგების თვალსაზრისით. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, ბოლო 17 დღეში, გაორმაგებულია. საქართველოს მხოლოდ სერბეთი და ლიეტუვა უსწრებს.

Our World in Data-ს მონაცემები საქართველოში კოვიდინფიცირების მზარდი მაჩვენებლის შესახებ, საკუთარ სოციალურ ქსელში, დავით მრელაშვილმა, ნევროლოგმა და ტელემედიცინის სპეციალისტმა, 23 ნოემბერს გამოაქვეყნა.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვა არ ყოფილა. თუმცა, მისი სურვილია, რომ როგორც მოქალაქეებმა, ისე ხელისუფლებამ, მაქსიმალურად გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობები და მოვალეობები ერთმანეთის წინაშე:

„მართლა სერიოზულადაა საქმე და არ არის იმის დრო, რომ ბრალი წავუყენოთ ან იმას, ან ამას. პირიქით, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ყველაფერში საკუთარ მშობელსაც კი არ ვეთანხმები და ყველაფერში ვერც საქართველოს მთავრობას დავეთანხმები და ვერც მათ ოპონენტებს, მაგრამ ახლა პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის. მე, როგორც ექიმი, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში, ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, დაწესებულიყო გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ მე, ასევე, როგორც ექიმს, არ მაქვს ზუსტი ცოდნა, თუ როგორი და რა სიმძლავრის შეზღუდვებს გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა. თუკი საქმე შეზღუდვებამდე მივა, აუცილებელია, რომ ე.წ. სმარტ (ჭკვიანი) შეზღუდვები დაწესდეს, რომ მინიმალური გავლენა ჰქონდეს ეკონომიკაზე და მაქსიმალური ეფექტი კოვიდზე“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სპეციალისტი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ინფიცირებისა და გარდაცვალების მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, თვლის, რომ ამ ეტაპზე, საზოგადოების და, მით უფრო, ხელისუფლების ყურადღება, რამდენიმე მთავარ ასპექტზე უნდა გადაერთოს.

მათ შორის, მისი თქმით, აუცილებელია, ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა ანუ ანტისხეულებზე დაფუძნებული კვლევა იმის გასარკვევად, თუ როგორია ქვეყანაში რეალურად ინფექციის გავრცელების მასშტაბი.

ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების დასაზოგად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად კი ზურაბ ჭიაბერაშვილს ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნია ანტიგენზე დაფუძნებული, სწრაფი ტესტების მოხმარების დანერგვა და გაფართოება:

„ბევრ დამსაქმებელს ურჩევნია, რომ თანამშრომლებს პერიოდულად ჩაუტაროს ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები, ვიდრე საბოლოოდ დაიკეტოს და შემოსავლის გარეშე დარჩეს როგორც თვითონ, ისე მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები. ამიტომ ვამბობ მარტიდან მოყოლებული, რომ სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები და ეპიდემიის სამართავად მხოლოდ სახლში გამოკეტვის პერსპექტივას არ ვხედავდეთ“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელმაც ხელისუფლებას სამოქმედო გეგმა უნდა უკარნახოს, ეს არის ქვეყანაში ვირუსის რეპროდუქციის, ანუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 1,11-ს შეადგენს. ანუ, ერთ ინფიცირებულს ერთზე მეტი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. როდესაც ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ერთს სცდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს. უკვე თვეებია, საქართველოში, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ერთზე მაღალია. ეს რიცხვი ცვალებადია და მას განაპირობებს ნაწილობრივ ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი, საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი სახელმწიფოების მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა და ინტერვენციის პირობებში იცვლება.

ვირუსის გავრცელების სიჩქარის შესანელებლად, სახელმწიფოები იყენებენ ხოლმე ე.წ. ლოკდაუნის კომპონენტებს და, მაგალითად, ამ გზით, ამცირებენ მოთხოვნას ინტენსიურ საწოლებზე.

სწორედ ამიტომ, ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის, ანუ გავრცელების სიჩქარის ცოდნა და მართვა, ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ქვეყანაში გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორის განსამუხტად:

„არ ვიცი, რამდენზე უნდა დავიდეს გავრცელების სიჩქარე, რომ ინტენსიური საწოლების რესურსი გვყოფნიდეს და არ ვშფოთავდეთ. ანუ არ ვიცით მათ შორის კორელაცია. რაც მთავარია, არ ვიცით (არ გვეუბნებიან!) ლოკდაუნის თითოეული კომპონენტის ეფექტი გავრცელების სიჩქარეზე. ანუ თითოეულ "წერტილოვან შეზღუდვას" რა შედეგი ექნება ინტენსიური საწოლების დატვირთვაზე“.

ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად არ ღელავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, 23 ნოემბერს განაცხადა, რომ „საქართველოში მობილიზებული საწოლფონდი შეიძლება ორჯერ დიდ ქვეყანას მოემსახუროს“.

24 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 7363 საწოლიდან კოვიდინფექციის სამკურნალოდ 5952 გამოიყენება, მათგან 5741-ზე პაციენტია განთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრის ოპტიმისტური პროგნოზის კვალდაკვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში, კოვიდპაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია. თუმცა, არა იმ მიზეზით, რომ ამ პაციენტების ნაწილს ჰოსპიტალიზაცია ნამდვილად სჭირდება:

„საერთაშორისო მაჩვენებლით, ადეკვატური მენეჯმენტის პირობებში, სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროება კოვიდის აქტიური შემთხვევების 10-15, მაქსიმუმ 20%-ს. ჩვენთან ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, დიდია სხვადასხვა ფაქტორის გამო. აქ მუშაობს ქართული ფენომენიც, რომელსაც არ დავაკონკრეტებ, შიში და ა.შ.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 24 ნოემბრის შეფასებით, კოვიდინფიცირებულთა 87% განეკუთვნება მსუბუქ/საშუალო სიმძიმის შემთხვევებს, 11% მძიმე მიმდინარეობისაა, 2%-ის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ის 0,94%-ს შეადგენს.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 92 215. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1051-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG