Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი და გაყინული საკვები - რატომ აკრძალა ჩინეთმა ზოგიერთი პროდუქტის იმპორტი


ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის კვალი აღმოაჩინა იმპორტირებული გაყინული საკვების შეფუთვაზე. რამდენად სანდოა მსგავსი განცხადებები და რამდენად სერიოზულია ამ გზით ვირუსის გავრცელების საფრთხე?

პეკინმა რამდენჯერმე დროებით აუკრძალა უცხოურ კომპანიებს გაყინული პროდუქციის იმპორტი. მორიგი აკრძალვა 24 ნოემბერს ეკვადორული კომპანიის წარმოებულ გაყინულ კრევეტებს შეეხო, რომლის ჩინეთში შეტანაც ერთი კვირით აიკრძალა.

ექსპერტები, მართლაც, ამბობენ, რომ ვირუსს რაღაც ხნის განმავლობაში შეუძლია გაძლოს მუყაოსა და პლასტმასის კონტეინერებზე, თუმცა ჯერაც უცნობია, თუ რამხელა რისკის შემცველი შეიძლება იყოს ეს ფაქტი. მიიჩნევა, რომ შეფუთვაზე ვირუსის არსებობა მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს. პანდემიასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად, ამის პოლიტიზებაც სწრაფად მოხდა - აშშ და სხვა ქვეყნები ჩინეთის ამ ნაბიჯს აპროტესტებენ, პეკინი კი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა.

აი, რა ვიცით დღეისთვის ამ საკითხის გარშემო:

ჩინეთის პოზიცია

შეფუთული პროდუქტები ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ჩინეთში ვირუსის რამდენიმე კერა საჭმლის საბითუმო ბაზრებს დაუკავშირეს. შედეგად, სუპერმარკეტების თაროებიდან ჯერ შებოლილი ორაგული ამოიღეს, შემდეგ კი აკრძალვა, მთელი ჩინეთის მასშტაბით, ოცზე მეტი ქვეყნიდან იმპორტირებულ სხვა პროდუქტებსაც შეეხო. ზოგიერთ სუპერმარკეტში იმპორტირებულ ხორცს სტიკერები ახლავს თან - პროდუქტი შემოწმებულია და ვირუსს არ შეიცავსო.

ჩინეთს ჯერ დამაჯერებლად არ აუხსნია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ ინფექცია სწორედ შეფუთვიდან გავრცელდა და ამის რაიმე მტკიცებულება არ გაუვრცელებია.

შანხაის ზოგ რესტორანში კლიენტებს, უსაფრთხოების მიზნით, რობოტი ემსახურება
შანხაის ზოგ რესტორანში კლიენტებს, უსაფრთხოების მიზნით, რობოტი ემსახურება

პარტნიორების პროტესტი

უცხოელი სავაჭრო პარტნიორები, მათ შორის აშშ, ახალი ზელანდია, კანადა და ევროკავშირი აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ჩინეთის მეთოდოლოგია და ვერ ხედავენ რაიმე სამხილს, რომელიც მათ პროდუქციას ვირუსის გავრცელებას დაუკავშირებდა. აშშ ეჭვობს, რომ იმპორტის აკრძალვას უფრო პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები აქვს და ის ვაჭრობის უსამართლო ბარიერის დაწესებისკენ არის მიმართული.

ჩინეთი ამერიკის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ მიღებული ზომები „აუცილებელია და ის ადამიანის სიცოცხლის პირველ ადგილზე დაყენებით და ჯანმრთელობის დაცვითაა გამოწვეული“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Associated Press-ს განუცხადა, რომ შეფუთვაზე ვირუსის აღმოჩენის შემთხვევები „იშვიათი და იზოლირებულია“. მართალია, ვირუსს შეუძლია დიდხანს გაძლოს ცივად შენახვის პირობებში, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვინმეს ვირუსი საკვების მიღებით შეჰყროდა.

ზედაპირიდან ინფიცირება

ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს, აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევებში უშუალო კონტაქტისას ჰაერში გაფრქვეული წვეთებით გადადის, რაც პირბადის ტარების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

თუმცა ვირუსი შიძლება ზედაპირებზეც დარჩეს და რაც უფრო ცივი და მშრალია პირობები, მით მეტხანს ძლებს იქ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სპეციალისტები ხალხს ხელების საგულდაგულოდ დაბანისა და ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებისკენ მოუწოდებენ.

რას ამბობენ ექსპერტები

შეფუთვაზე დარჩენილი ვირუსი შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, მაგრამ შეიძლება არც იყოს. სიდნეის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ტიმოთი ნიუსამი ამბობს, რომ მეცნიერები განსაკუთრებულად მგრძნობიარე ტესტებს იყენებენ, რომელიც აქტიურ ვირუსსაც ამოიცნობს და არააქტიურსაც, თუმცა ამ ორს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს.

მისი თქმით, ვირუსის ამ გზით გავრცელების შესაძლებლობა, მართლაც, არსებობს, თუმცა მიიჩნევა, რომ რისკი შედარებით მცირეა. „ვიცით, რომ დაბალ ტემპერატურაზე ვირუსი უფრო სტაბილურად ძლებს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ტრანსპორტირების შემდეგ ზედაპირიდან ინფიცირების რისკი დაბალია“, - ამბობს ტიმოთი ნიუსამი.

ამავე აზრისაა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი ენდრიუ პეკოჟი. ის ამბობს, რომ პოზიტიური ტესტი არ ნიშნავს, რომ ვირუსი ცოცხალია. ის, უბრალოდ, გვაჩვენებს, რომ ვირუსმა ზედაპირზე რაღაც კვალი დატოვა.

„არ მინახავს დამარწმუნებელი მონაცემები, რომ საკვების შეფუთვაზე აღმოჩენილ SARS-CoV-2-ს სადმე ინფექციის სერიოზული რისკი შეექმნას“, - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG