Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მიქელაძე “კარტოგრაფების საქმეზე” გენერალურ პროკურატურაში ჩვენებას მეორედ აძლევს


მალხაზ მიქელაძე
მალხაზ მიქელაძე

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მისაცემად მივიდა. მიქელაძეს გამოძიების ფარგლებში ერთი ჩვენება უკვე აქვს მიცემული 11 სექტემბერს. ამ ჩვენებაში ის ამბობს, რომ ქართულმა მხარემ გამოძიების დაწყებამდე სცადა აზერბაიჯანულ მხარესთან დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად სადავო, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის შემოტანა, რაზეც აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა. სწორედ ამ რუკის გამოუყენებლობას ედავება გამოძიება “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულებს, კომისიის ყოფილ წევრებს, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს.

პროკურატურაში განმეორებითი ჩვენების მისაცემად დაბარებულმა მალხაზ მიქელაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველი ჩვენების შეცვლას არ აპირებს.

„მე არავის სასარგებლოდ არ ვიძლევი ჩვენებას. მე ჩვენებას ვიძლევი იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად ხდება. არ ვაპირებ ჩვენების შეცვლას. არ ველოდები დაკავებას, რატომ უნდა მოველოდე?!“ - უთხრა მალხაზ მიქელაძემ მედიას.

მალხაზ მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტ ივანე ჩიტაშვილთან ერთად მივიდა. როგორც ჩიტაშვილი განმარტავს, მიქელაძე პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა მოწმის სტატუსით და მათთვის უცნობია, რა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა მიქალაძის დაბარება პროკურატურაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და, ამავდროულად, სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო. კომისიის თავმჯდომარედ იგი 2004 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კი - 2017 წლის 22 ივნისს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ მოწმეების დაკითხვა მას შემდეგ განაახლა, რაც სასამართლოს წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადება სთხოვა საგამოძიებო მოქმედებების გასაგრძელებლად. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების დაცვის მხარე ამბობდა, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი მტკიცებულებების არარსებობით იყო გამოწვეული, სახელმწიფო ბრალდების მხარე ამას უარყოფდა.

მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საქმის ორივე ბრალდებული და გამოკითხვაზე დაიბარა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, უფრო ადრე კი ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ამ საქმეზე ამ დრომდე დაკითხული არ არის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატები ითხოვენ, გამოიკითხონ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომლის დავალებითაც ჩამოიტანა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებიდან საქმეში არსებული კარტოგრაფიული მასალა.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG