Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ნატროშვილი: არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის კანონი ცვალო


ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ არის პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენების კლასიკური მაგალითი. „ანუ ფაქტობრივად ემუქრება მმართველი პარტია ოპოზიციურს, რომ მე ჩემს ხელთ არსებულ საკანონმდებლო ბერკეტებს შენს წინააღმდეგ გამოვიყენებ“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან ნატროშვილმა. მისი თქმით არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის კანონი ცვალო, რათა ვიღაც დასაჯო:

„ეს არის სრულიად მიუღებელი. პოლიტიკური ნიშნით დევნაა ფაქტობრივად პოლიტიკური პარტიების, როდესაც შენ იმისთვის ცვლი კანონს, რომ ვიღაცა დასაჯო ან წამოიყვანო შენს წინადადებაზე. თავისთავად კანონის ცვლილების მიზანი უკვე არეულია და აბსოლუტურად არალეგიტიმურია. ანუ კანონის შეცვლის მიზანი რა უნდა იყოს, როგორც წესი. უნდა იყოს ის, რომ რაღაც პრობლემაა, არ მუშაობს სისტემა სიტყვაზე და შენ რეფორმირება გინდა ამისი. ლეგიტიმური მიზანი უნდა ჰქონდეს და ქვეყნის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს რეფორმა და არა იმას, რომ ვიღაცას სამაგიერო გადაუხადო და დასაჯო. და განსაკუთრებით პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს ახასიათებთ როგორც წესი ავტორიტარულ ქვეყნებს. როდესაც დასჯა ხდება სხვადასხვა გზებით ოპოზიციის და მათ ხელ-ფეხს უკრავენ. აქედან გამომდინარე ამ კონტექსტში და ამ გადაწყვეტილებაში ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და მერე მოდის უკვე შინაარსობრივი პრობლემები, რაც არის ამ წინადადებაში“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ დაანონსებულ საკანონმდებლო წინადადებებს სათანადო რეაგირება მოჰყვება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 16 დეკემბერს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული.

ირაკლი კობახიძის თანახმად, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

კობახიძემ თქვა, რომ ცვლილებების პაკეტი უკვე მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება და ის შეეხება პარლამენტში არშემსვლელ ყველა პოლიტიკურ ძალას - განურჩევლად იმისა, „რადიკალურ ოპოზიციას“ წარმოადგენს ის თუ მათ მიერ ბულინგით შევიწროებულ „ჯანსაღ“ ოპოზიციას.

პარლამენტში ასევე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაშიც პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. არსებული ინფორმაციით, ამ ინიციატივის უპირველესი ადრესატი "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG