Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: მე მგონი არასწორად იყო გაგებული საქართველოს პრეზიდენტის განცხადება


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „კავკასიური პლატფორმის“ შესახებ არასწორად იყო გაგებული.

„ეს არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან. არამც და არამც“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში მედიასთან. იგი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „კავკასიური პლატფორმის“ შესახებ მანამდეც საუბრობდა, სანამ ამ ინიციატივას თურქეთის პრეზიდენტი წამოაყენებდა.

„შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრა რომ იყო, იქიდან გამოსული ყველა ერთხმად აღვნიშნავდით, რომ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს აზერბაიჯანს და სომხეთს იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ.

მან მედიასთან თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზეც ისაუბრა და მედიასთან, რომ თურქეთი ითვალისწინებს საქართველოს პოზიციას, რომ მას არ შეუძლია ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე საუბარი:

"თურქეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით, თუმცა ისინი ითვალისწინებენ ასევე ჩვენს ხედვას. რადგანაც სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ ამ დიდ პლატფორმაში ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე რა თქმა უნდა გაგვიჭირდება საუბარი და ძალიან რთულია, რომ რაღაც გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი“- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველო არის მხარეთა შორის პირდაპირი დიალოგის მომხრე, რათა რეგიონში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს, მაგრამ წითელი ხაზი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის.

21 დეკემბერს ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.

ამ სიტყვებით სალომე ზურაბიშვილმა მანამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მიმართა, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ონლაინ ცერემონიაზე.

„კავკასიური პლატფორმა“ მან სწორედ ყარაბაღის სისხლისმღვრელი კონფლიქტის შეჩერების პროცესში საქართველოს პასიურობის კონტექსტში ახსენა და თქვა, რომ კიდევ ერთხელ მიესალმება „მშვიდობის აღდგენას“ კავკასიაში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დროში ემთხვევა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ინიციატივას - რეგიონში ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, 6 ქვეყნის და მათ შორის - საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG