Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევის ცოლის თვითმფრინავი ლონდონში გადაფრინდა შეწყვეტილი ავიამიმოსვლის მიუხედავად


დმიტრი და სვეტლანა მედვედევები
დმიტრი და სვეტლანა მედვედევები

სპეციალური თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის ცოლი სარგებლობს, რუსეთიდან ლოდონში ჩაფრინდა და მალევე უკან დაბრუნდა ქვეყნებს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის მიუხედავად, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება ავიაფრენების დამკვირვებელ სერვის, ADS-B Exchange- ზე, დაყრდნობით.


ლაპარაკია ბიზნეს-ჯეტ Bombardier Global 5000-ზე, საბორტო ნომრით M-SKSM, რომელიც 4 იანვრის საღამოს აფრინდა მოსკოვის ვნუკოვოს აეროდრომიდან და ლონდონთან ახლომდებარე, ფარნბოროს აეროპორტში დაეშვა. იუწყებიან, რომ დაშვებიდან 26 წუთში თვითმფრინავი უკან გაფრინდა.

ალექსეი ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი ჯერ კიდევ დეკემბერში იუწყებოდა, რომ 50 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული ამ თვითმფრინავით სწორედ დმიტრი მედვედევის ცოლი, სვეტლანა მედვედევა, სარგებლობს.



ფონდის თანახმად, ბიზნეს-ჯეტი, რომელიც მანამდე რუსულ ბანკ ВТБ-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ეკუთვნოდა, ბელიზში მდებარე ოფშორში გაიყიდა. ამავე ოფშორზეა გაფორმებული თვითმფრინავი Bombardier Global 6000, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1“-ს ტელეწამყვანი, ნაილია ასკერ-ზადე, სარგებლობს.

2019 წლის 22 დეკემბერს რუსეთმა 2021 წლის 12 იანვრამდე შეაჩერა საავიაციო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების გამო, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა 70%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე COVID-19-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG