Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს დღეს დატოვებს 


თეთრი სახლი

ტრადიციის მიხედვით, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა სახლი და სამუშაო ოფისი ინაუგურაციის დღეს, 20 იანვრის 12 საათამდე უნდა დაცალოს. სწორედ ამ დროს დადებს ფიცს და გადაიბარებს პრეზიდენტობას ჯო ბაიდენი, რომელიც ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი იქნება.

ბოლო დღეებია, თეთრ სახლის წინ გადამზიდი კომპანიის სატვირთო გამოჩნდა. მზიდავებს სახლიდან ნივთები გამოაქვთ, მანქანაში აწყობენ და პერიოდულად ვარდების ბაღის ფონზე სამახსოვრო ფოტოებსაც იღებენ.

შენობიდან იქ მომუშავე ადმინისტრაციის წევრების პირადი ნივთებიც გააქვთ. დამლაგებლებს 20 იანვარს სულ რამდენიმე საათი ექნებათ, რომ თეთრი სახლი მოაწესრიგონ და ის მომავალი პრეზიდენტისთვის მოამზადონ. რეზიდენციაში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო, მათ მაქსიმალური სტერილიზაციისთვის, ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოუწევთ.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა სახლი და სამუშაო ოფისი დღეს, 20 იანვრის 12 საათამდე უნდა დაცალოს. სწორედ ამ დროს დადებს ფიცს რიგით 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ინაუგურაციის ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართება.

ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის უპრეცედენტო მობილიზებაა. საიდუმლო სამსახურებთან ერთად, 25 ათასზე მეტი გვარდიელი უზრუნველყოფს ინაუგურაციის უსაფრთხოებას.

ამის მიზეზი 6 იანვრის მოვლენებია, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების მომენტში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შენობა დაარბიეს. ამ დღეს ათეულობით ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 5 ამერიკელი, მათ შორის ერთი პოლიციელია.

ტრადიციის მიხედვით, მიმავალი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად, მომავალ პრეზიდენტს თეთრი სახლის კიბეებთან უნდა დახვდეს და მას რეზიდენციაში შეუძღვეს. მაგრამ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ის ოთხშაბათს ჯო ბაიდენის ოჯახს არ უმასპინძლებს და საპრეზიდენტო თვითმფრინავით, რამდენიმე საათით ადრე, ფლორიდაში გაფრინდება.

ტრამპი 20 იანვარს კიდევ ერთ დამკვიდრებულ ტრადიციას დაარღვევს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას არ გეგმავს. ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებაზე იქნება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ბოლო დღეებია, პრეზიდენტის ფუნქციებს ხშირად ითავსებს.

ამერიკის ახალი პრეზიდენტის ოჯახს წინასწარ ეძლევა საშუალება, შეარჩიოს ავეჯი, თეთრი სახლის დეკორაცია, ფერწერული ტილოები და სხვა აქსესუარები. ეს ყველაფერი იქვე, მერილენდის შტატში მდებარე საპრეზიდენტო საწყობში ინახება.

პირველი ოჯახი კულინარიულ პრიორიტეტებთან ერთად, თავად არჩევს ისეთ წვრილმანებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, თეთრეული ან პირსახოცები. თეთრ სახლში მომუშავე პერსონალი ზრუნავს იმაზეც, რომ პრეზიდენტის ოჯახს კარადაში თავისი ტანსაცმელი დაკიდებული დახვდეს და სასთუმალთან თუ სამუშაო ოთახში, საყვარელი საოჯახო ფოტოებიც კი ედოთ.

პრეზიდენტებს ოვალური ოფისის ავეჯის შეცვლის უფლებაც აქვთ. თუმცა, უმეტესობა ირჩევს ძველისძველ სამუშაო მაგიდას, რომელიც ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ პრეზიდენტ რუტერფორდ ჰეიესს მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში აჩუქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG