Accessibility links

logo-print logo-print

პენიტენციური სამსახური ციხეებში ომბუდსმენის წარმომადგენლებზე ზეწოლაზე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს


პენიტენციური სამსახური უსაფუძვლოს უწოდებს იმ ბრალდებებს, რომელიც სახალხო დამცველმა ციხეებში მისი წარმომადგენლების მუშაობის შესახებ გაავრცელა. ომბუდსმენის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციისა და "მაყურებლებისგან" მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად ესხმიან თავს, ემუქრებიან და აგრესიას გამოხატავენ.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას... უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ", - ვკითხულობთ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მსგავს შემთხვევებში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იცავენ ომბუდსმენის წარმომადგენლების უსაფრთხოებას. ამავე განცხადებაში სახალხო დამცველისთვის მიმართვიანობის შემცირებას ციხის ადმინისტრაცია ამ ინსტიტუტის მიმართ პატიმრების განწყობებით ხსნის.

"არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები... სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG