აშშ-ში შემცირებას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი, რაც აჩენს იმედს იმ ფონზე, როცა ქვეყანა აფართოებს მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამას.
ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, აშშ ცდილობს სწრაფად მოახდინოს მოსახლეობის იმუნიზირება, რადგან ვირუსის ახალი, უფრო მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტები შეშფოთებას აჩენს პანდემიის ტრაექტორიის თაობაზე.
ბოლო კვირის განმავლობაში, 330 მილიონამდე მოსახლის მქონე ქვეყანაში ყოველდღიურად 1 მილიონზე მეტ ადამიანს უკეთდება ნემსი. ვაქცინის ერთი, ან ორივე დოზა უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა.
ისრაელში ხელისუფლებამ ე.წ. "ლოკდაუნის" ვადა სულ მცირე ხუთი დღით გაახანგრძლივა, რადგან ცდილობს ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის შემცირებას. ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ვაქცინაციის წარმატებული და სწრაფი კამპანიის წარმოების მხრივ, იქ ერთ თვეში მოსახლეობის მესამედზე მეტი აიცრა. ისრაელი იმედოვნებს, რომ 9.3 მილიონი მოსახლის უმრავლესობა მარტის შუა რიცხვებისთვის უკვე აცრილი იქნება. მაგრამ წარმატებული კამპანიის მიუხედავად, ისრაელში ყოველდღიურად ინფიცირების 6000-მდე ახალ შემთხვევას აღრიცხავენ მოსახლეობაში, რომელიც ჯერ არ არის აცრილი. ისრაელი ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებენ, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია COVID-19-ის ვარიანტთან, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს და რომელიც, არსებული ვარაუდით, უფრო სწრაფად ვრცელდება.