Accessibility links

site logo site logo

ჯერ არ შექმნილა, უკვე სადავოა - არჩევნებს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეისწავლის


პარლამენტში ოპოზიციის უდიდესი ნაწილის გარეშე დაიწყებს მუშაობას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის. „ქართული ოცნება“ დარწმუნებით აცხადებს, რომ კომისია კიდევ ერთხელ დაადასტურებს არჩევნების შედეგების სიზუსტეს; ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კომისიას აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს და ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შეთავაზებას ცინიკურადაც მიიჩნევს. როგორ იმუშავებს საგამოძიებო კომისია? ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში? რამდენად სანდო იქნება ამ კომისიის დასკვნა საზოგადოებისთვის?

მზადება კომისიის შექმნისთვის

დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტში უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ - ორშაბათს დარეგისტრირდება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე დოკუმენტის მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს და ის ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა „ოცნების“ წარმომადგენელთა საჯაროდ გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ:

  • კომისია გამოიყენებს ბევრნაირ ინსტრუმენტს და საჭიროების შემთხვევაში - მოხდება ბიულეტენების „მასშტაბური გადათვლაც“;
  • კომისია იმუშავებს „საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით“ და განიხილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ნებისმიერი საკითხი და დეტალი“;
  • კომისიის მუშაობაში ჩართვის საშუალება ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • კომისიას შეუძლია გამოკითხვაზე დაიბაროს ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები მათი ბრალდებების განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და არც კომისიის მუშაობაში ჩართვას გეგმავენ.

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს მოუწოდებს, ან დაამტკიცონ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ბრალდებები, ანდა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.

  • „მათ (ოპოზიციას) თუ აქვთ 1%-იანი შანსი იმისა, რომ (არჩევნების შედეგებში) 1%-იანი სიყალბე დაამტკიცონ პრაქტიკულად და არა სპეკულაციურად, როგორც ამას დღეს აკეთებენ, ამის შანსი მათ აქვთ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ არა და მოუხადონ მაშინ საზოგადოებას ბოდიში, რომ ატყუებდნენ“ - მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.
  • „წარმოდგენილი ინიციატივა კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, რეალურად სჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებენ, თუ ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში“ – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას და მით უფრო - კომისიის წევრთა ადგილების დაკავებას. მათთვის სანდო არ არის არც კომისიის მიზნები და არც ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, რადგან, მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დიდი დრო - ყველაფერი თავისი ინტერესების მიხედვით დაელაგებინა.

„სულ მალე არჩევნებიდან 100 დღე შესრულდება და ახლა შედეგების გადახედვა და ბიულეტენების გადათვლა, ვფიქრობ, ცინიკურიც არის. ცხელ კვალზე საოლქო კომისიებში შეტანილი გვქონდა 700-მდე საჩივარი - ვითხოვდით უბნების გადათვლას და არაერთი უბნის შედეგების გაბათილებას. ამ 700 საჩივრიდან არცერთი არ განიხილეს. გვითხრეს - რომ საოლქო კომისიის წევრები არაუფლებამოსილი პირები იყვნენ...

საარჩევნო კოდექსის ასეთი ინტერპრეტაცია არ იყო 2018 წელს, მხოლოდ ამ არჩევნებზე გამოიყენეს... კარგით, ვთქვათ, შეგვედავნენ ამ საკითხზე, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ხარვეზის გამოსასწორებელი ვადა მოეცათ?! რამდენიმე საათში აღმოიფხვრებოდა ეს ვითომ ხარვეზი... მაგრამ არა... ასევე, გაყალბების ვიდეომტკიცებულებები დაახლოებით 23 განცხადებასთან ერთად გვაქვს შეტანილი პროკურატურაშიც, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი საგამოძიებო კომისიას აღიქვამს „მძლავრ მექანიზმად“, რომელსაც შეუძლია ბოლო არჩევნებისას გამოვლენილი საკითხების „წინ წაწევა“ და სადავო საკითხებზე საერთო აზრის ჩამოყალიბება. თუმცა კარლ ჰარცელი ასევე ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ამ პროცესში ოპოზიციის ჩართვასაც.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა, სწორედ ის არის, რომ მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მსგავსი კომისიების მუშაობაში და როგორც სხვა დროსაც მითქვამს - ასევე მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში“, - უთხრა მან 4 თებერვალს ჟურნალისტებს.

ვინ (არ) იქნება საგამოძიებო კომისიაში?

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები“. „ქართული ოცნების" 90 დეპუტატის გარდა, ამჟამად პარლამენტში კიდევ 6 უფრაქციო დეპუტატია.

ამ კომისიაში, დიდი ალბათობით, არ შევა „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მანამდე რადიო თავისუფლებასთანაც ილაპარაკა და 4 თებერვალს, პარლამენტში, ბრიფინგზეც განაცხადა, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვა აზრსმოკლებულია სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე. ელისაშვილმა ერთგვარი ულტიმატუმიც წამოაყენა.

„ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით სიამოვნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 3800-ვე საარჩევნო უბანში ჰყავდა კომისიის წევრები - „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა - ბოკერიას პარტია („ევროპული საქართველო“)...

იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ და გვითხრან, რომ დაახლოებით 10 000 და კიდევ მეტი მათი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს ან რა მასშტაბით ადასტურებს... სხვა შემთხვევაში, ჩვენ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ჩვენ არანაირად არ ვგეგმავთ ამ კომისიასთან თანამშრომლობას... ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე არჩევნებს ვითხოვთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გოჩა თევდორაძემ, რომელსაც, პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად, „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო მანდატი გაუუქმა. ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის“ ნაცვლად, პარლამენტში მუშაობს ამ პარტიის სიით გასული 4 დეპუტატი - ფრიდონ ინჯიას თავმჯდომარეობით მათ ახალი პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ დააარსეს.

აპირებენ თუ არა "ევროპელი სოციალისტები" საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას და საერთოდ, ფიქრობენ თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდა?

„ჩემი შინაგანი [ხმა] მეუბნება, რომ არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ მე მჭირდება ფაქტები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი. თანაპარტიელების სახელით ვერაფერს ამბობს, მაგრამ თავად აუცილებლად აპირებს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას.

არის თუ არა მისთვის სანდო ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შეთავაზება? ზილფიმიანი გვეუბნება, რომ სიმართლის დასადგენად მას უფრო სხვა მექანიზმები ეიმედება.

„მე არა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“, არამედ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის ინტერესებს დავიცავ. ბიულეტენების გადათვლა არა, არა... ჩემთვის ყველაზე მთავარი იქნება შემაჯამებელ ოქმებზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება...

თუ უბნების შესწორებულ შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს არ ადასტურებს პარტია, მაშინ გამოდის, რომ კომისიის წევრების ხელმოწერები გაყალბებულია. ისინი (კომისიის წევრები) ხომ დაეთანხმნენ რაღაცას, ხოდა ამის გადამოწმების დროს გამოვლინდება ყველაფერი“, - გვეუბნება დავით ზილფიმიანი.

სადავო ხელმოწერები

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ახსენებს, ეს შემაჯამებელი ოქმების შესწორების დოკუმენტზე დართული ხელმოწერებია, რომლებიც საუბნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

„შეუძლებელია ობიექტურად მოაზროვნე ადამიანმა წარმოიდგინოს, რომ 11 300 მათი წარმომადგენლის, კომისიის წევრების ხელმოწერები გაყალბდა ასე მასიურად, ან ვიღაცამ აიძულა 11 300 ადამიანი, რომ მისულიყვნენ და შიშით ან ზეწოლით ან მოსყიდვით მოეწერათ ხელი დოკუმენტებზე“, - განაცხადა 4 თებერვალს მამუკა მდინარაძემ.

ეს შეკითხვა ჩვენ ლევან ბეჟაშვილსაც დავუსვით - რატომ მოაწერეს ხელი საუბნო კომისიებში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც თავად მათი პარტია/ბლოკი აპროტესტებს?

შეკითხვაზე ბეჟაშვილი ასე გვპასუხობს:

„ცვლილებები შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და დაავალდებულა კომისიის ყველა წევრი - მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდა თუ არა შესწორებას, მოეწერა ხელი. ჩვენებს ხელი აქვთ მოწერილი მათ შორის ხარვეზიან ოქმებზეც, მაგრამ შემდგომ უკვე, როცა ჩვენ საჩივრები დავწერეთ, კომისიაში ჩვენმა წარმომადგენლებმა განსხვავებული აზრები დაურთეს (საჩივრებს) კომისიების დონეზე... პროტესტს არ გამოხატავდნენო, რომ ამბობენ - ეს სისულელეა. ამ პროტესტის დასტური იყო ჩვენი საჩივრებიც“, - გვეუბნება ბეჟაშვილი.

სანდოობა?

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პარლამენტი იყენებს საპარლამენტო კონტროლის ისეთ ძლიერ მექანიზმს, როგორიც არის საგამოძიებო კომისიის შექმნა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია. თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს მექანიზმი სათანადოდ ვერ იმუშავებს საზოგადოების ნდობის გარეშე.

საჯაიას თქმით:

  • თუკი ოპოზიციური პარტიები სრულფასოვნად არ იქნებიან წარმოდგენილი კომისიაში, მას ვერ ექნება საზოგადოების ნდობა; ხოლო ასეთი ნდობის გარეშე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი (კომისიის) მუშაობის შედეგი“;
  • „ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კომისია იქმნება ასეთი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე და ერთ-ერთ შედეგად ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვაც მოიაზრება“.

უკვე ჩანს, რომ კომისიის დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი დგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG