Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ წავიდნენ ბავშვები სკოლაში, როცა სკოლა გაიხსნა


15 თებერვლიდან გაიხსნა სკოლები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში და მოსწავლეებს, რომლებიც რამდენიმე თვეა დისტანციურად სწავლობდნენ, მიეცათ შესაძლებლობა, დაბრუნებოდნენ კლასს, შეხვედროდნენ მეგობრებს, ეთამაშათ სკოლის ეზოში. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად და მიმზიდველად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

მოსწავლეების 10%-ზე მეტმა სკოლაში დაბრუნებაზე უარი თქვა - მათი მშობლები სახელმწიფომ ვერ დაარწმუნა, რომ სკოლაში ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან.

8 წლის ანდრო 15 თებერვალს სკოლაში წავიდა, თუმცა იცის, რომ მხოლოდ ერთი კვირა ივლის, მერე ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდება, ასე შეუთანხმდნენ მშობლები. ანდროს კლასში 8 ბავშვია ისეთი, ვინც სკოლაში დაბრუნება აირჩია, დანარჩენები დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ. ანდროს მშობლებმა იფიქრეს, რომ ამ ერთ კვირაში მათი შვილი კლასელებს და მასწავლებლებს ნახავდა, რომლებიც ასე ენატრებოდა, მაგრამ დიდხანს სკოლაში სიარული არ გამოდის, მის სკოლაში გახანგრძლივებული არ აღდგენილა. სწავლა მესამე კლასს პირველის ათ წუთზე ეწყება და ოთხზე უმთავრდება, შესაბამისად, მშობლები მის სკოლაში წაყვანას და მალევე დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ანდროს პატარა და ჰყავს, რომელიც პანდემიამდე ბაღში დადიოდა. ახლა, როცა სკოლა გაიხსნა და ბაღი არა, დედა იძულებულია უმცროს შვილთან იყოს, მამისთვის კი ყოველდღე სამსახურიდან ორჯერ გამოსვლა ანდროს სკოლაში მისაყვანად და მერე უკან, სახლში დასაბრუნებლად არც ისე მარტივია.

„სკოლაში პირბადით და სანიტაიზერით წავიდა, რომ მოვიდა, მითხრა, ხუთჯერ დავიბანე ხელებიო. მასწავლებელიც ხშირად ანიავებს კლასს, როგორც ვიცი”, - გვეუბნება ანდროს დედა. მას ურჩევნია, მისმა შვილებმა სკოლასა და ბაღში იარონ, თუმცა დაკეტილი ბაღების პირობებში მალე ანდროც ისევ ეკრანიდან ჩაერთვება სასწავლო პროცესში.

რამდენიმეთვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, როცა ხელისუფლებამ სკოლების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, სკოლებს განათლების სამინისტრომ ფრაგმენტულად, დაგვიანებით და არასრულად მიაწოდა ინფორმაცია სავალდებულო უსაფრთხოების ნორმებზე, რაც პანდემიის პირობებში მოსწავლეების და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვისთვის იყო საჭირო. სახელმწიფო სკოლებს სათანადოდ არ დაეხმარა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, დამატებითი ადამიანური რესურსის მოზიდვასა და სხვა საკითხების მოგვარებაში, რაც სკოლების გამოწვევებს მკვეთრად შეამცირებდა.

კომუნიკაცია გაუმართავი იყო სკოლების გახსნის და დაკეტვის ყველა ეტაპზე. ამ დრომდე არ არსებობს მკაცრი ჩარჩო, ვირუსის გავრცელების რომელ ეტაპზე იკეტება და იხსნება სკოლები. სამინისტრომ 15 თებერვალს თქვა მხოლოდ ის, რომ „მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებები საჭირო რესურსებით აღჭურვილია”. კონკრეტულად რა იგულისხმეს „საჭირო რესურსებში”, არ არის ცხადი - სადეზინფექციო ხსნარები, თერმომეტრები და დეზობარიერები სკოლებს სექტემბერშიც ჰქონდა.

პედაგოგებს აქვთ შიში, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნება ჯანმრთელობისთვის საშიშია. განათლების სამინისტრომ რისკჯგუფში მყოფ მასწავლებელებს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება მისცა, თუმცა არ უთქვამს, რამდენია ასეთი პედაგოგი. ითქვა ისიც, რომ შერეული სწავლებისას დამატებითი გაკვეთილების ჩატარების თანხებს სამინისტრო დამატებით გადაუხდიდა მასწავლებლებს, ვინც ონლაინაც ჩაატარებდა გაკვეთილს და საკლასო ოთახშიც, გაყოფილი კლასის შემთხვევაში, თუმცა ეს შეთავაზებაც მხოლოდ საჯარო სკოლებს ეხება.

მშობლების ნაწილსაც უჭირს დაიჯეროს, რომ სკოლებში უსაფრთხოების ნორმებს სათანადოდ დაიცავენ და შვილებს სახლში ტოვებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ოჯახში მათთან ერთად მოხუცები ან რისკჯგუფში მყოფი ადამიანები ცხოვრობენ.

12 თებერვლის მონაცემებით, ბავშვების 12% სკოლებში არ დაბრუნდა და კვლავ დისტანციური სწავლა აირჩია. ზოგი ამბობს, რომ დისტანციურ რეჟიმს უკვე ისე მიეჩვია, წლის ბოლომდე ბარემ ასე იქნება, ზოგმა საცხოვრებელი გამოიცვალა და ქალაქგარეთ გადასახლდა დროებით, ზოგიც ვაქცინას ან პანდემიის დასრულებას ელოდება.

„სკოლამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, უსაფრთხოებისთვის, მათი უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ბავშვების ამბავი ვიცი, ვერ დაიცავენ უსაფრთხოების წესებს. ტყუპები მყავს, მეხუთე კლასში არიან და დღეს ონლაინგაკვეთილებზე რომ ვუყურებდი მათ კლასელებს, როგორი ჟივილ-ხივილი ქონდათ კლასში, დარწმუნებული ვარ, ჩემებიც მოინდომებდნენ მეგობრებთან ჩახუტებას. მესამე შვილი პირველ კლასშია და მთელი დღეა იძახის, მასწავლებელთან ჩახუტება მინდა, ბავშვებთან ჩახუტება მინდა. დღეს შორიდან რომ შეხედეს სიტუაციას, სამივემ ერთხმად მითხრა, რა კარგია, რომ არ გაგვიშვი, თავს ვერ შევიკავებდითო და მერე მთხოვეს, რომ დამშვიდდებიან ჩვენი კლასელები, მერე ხომ გაგვიშვებო”, - გვიყვება მაკა. მისი სამივე შვილი კერძო სკოლაში დადის, თავად მაკა კი სახლიდან მუშაობს დისტანციურად. ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ოთახებში არიან საკუთარ გაჯეტებთან გამოკეტილი, გაკვეთილებზე შესვლას და მეცადინეობას ბავშვები დამოუკიდებლად ახერხებენ. მაკას უჭირს თქმა, როდის დადგება ისეთი დრო, როცა ჩათვლის, რომ შვილების სკოლაში გაშვება საშიში აღარ არის. მას ეჭვი ეპარება, რომ ბავშვები სკოლაში პირბადის სწორად მოხმარებას და დისტანციის დაცვას შეძლებენ, შესაბამისად, დაველოდები, ინფიცირებულთა რიცხვი მაქსიმალურად როდის შემცირდებაო, ამბობს.

13 წლის სანდროს კლასში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ მის კლასში, სადაც 29 მოსწავლე სწავლობს, 25-მა სწავლის დისტანციური მოდელი აირჩია და დანარჩენებმაც გადაიფიქრეს მერხებთან დაბრუნება. სანდრო დიდ საჯარო სკოლაში სწავლობს, ბევრი მოსწავლით, და მშობლები შიშობენ, რომ მოსწავლეების ნაკადები ისე ვერ გაკონტროლდება, რომ მათი შვილებისთვის სკოლის გარემო უსაფრთხო იყოს.

თაკოს მეორე და მესამეკლასელი შვილები ჰყავს. ამბობს, რომ სკოლაში, სადაც მისი შვილები დადიან, საპირფარეშოები არასდროს იყო სათანადოდ მოწესრიგებული და არც იმის იმედი აქვს, რომ ახლა გამოსწორდა. გარდა ამისა, მის შვილებს სწავლა დღის მეორე ნახევარში ეწყებათ და იმის გამო, რომ თვითონ მუშაობს, ბავშვებს სკოლაში ბებია ატარებდა, რომელიც რისკჯგუფშია და მისი უსაფრთხოებისთვის, ჯობს, ბავშვები ისევ დისტანციური სწავლების მოდელზე დარჩნენ - ასე გადაწყვიტა ოჯახმა.

„ბიჭი მე-2 კლასშია და ონლაინგაკვეთილებზე მოიწყინა, ინერტული გახდა, ინტერესი დაკარგა გაკვეთილზე დასწრების, პერიოდულად ხან მე ვუწევდი ანგარიშს, ხან მასწავლებელიც, ცოტა დრო დასჭირდა, რომ მიჩვეულიყო ახალ სტილს, თუმცა არც ახლაა მისთვის კომფორტული, რადგან არ არის იმ დოზით ინტერაქცია კლასში, როგორც რეალურად კლასებში. გოგო მე-3 კლასელია და უფრო ყოჩაღად არის ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში. სკოლაში წასვლა უნდოდათ, მაგრამ არა ისე, რომ სახლში ვერ გამეჩერებინა”, - ამბობს თაკო.

მშობლების უმეტესობა, ვისი შვილებიც სკოლაში არ წავიდნენ და კვლავ ეკრანებიდან აგრძელენ სწავლას, თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ სკოლები მალე ისევ დაიკეტება. ამის თქმის საფუძველს აძლევთ როგორც გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები მგზავრობენ, ასევე უსაფრთხოების ერთი მხრივ მკაცრი და მეორე მხრივ სკოლის პირობებში რთულად შესასრულებელი წესები: პირბადე მთელი დღის განმავლობაში, დისტანცია ბავშვებს შორის, საკვები კონტეინერებში და ა.შ.

რა ხდება მაშინ, თუ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება

ასეთ შემთხვევაში სკოლების ნაწილი მთლიანად იკეტება, ნაწილი ირჩევს, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს, დისტანციურ რეჟიმზე ორი კვირით კი ის კლასი გადავიდეს, სადაც შემთხვევა ჰქონდათ. იმისთვის, რომ მთელი სკოლის ან რამდენიმე კლასის ერთად დაკეტვა არ გახდეს საჭირო, მნიშვნელოვანია ნაკადების სწორად მართვა და კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება სხვადასხვა კლასს შორის.

იმისათვის, რომ სკოლებში ვირუსის გავრცელების შანსი რაც შეიძლება მეტად შემცირდეს, სკოლების ნაწილმა სასადილოები დაკეტა და ბავშვებს საკვებს კონტეინერებით კლასებშივე აწვდის, ნაწილმა კი სასადილოები გახსნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკის ზონად ითვლება.

პანდემიის დროს გაორმაგებული შრომა უწევთ დამლაგებლებს, რომელთა რაოდენობა სკოლების დიდ ნაწილში არასაკმარისია. პრობლემურია სველი წერტილები და სასმელ სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა. პრობლემების უმეტესობა, რის გამოც საქართველოს სკოლებში მშობლებს პანდემიის დროს ბავშვების გაშვება არ სურთ და უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ, პანდემიამდეც არსებობდა და კორონავირუსთან თანაცხოვრების ერთი წლის განმავლობაშიც ვერ მოგვარდა. განათლების სამინისტრო ამბობს, 800-მდე სკოლაში სველი წერტილებიი მოწესრიგდაო, თუმცა არ კონკრეტდება სკოლების რაოდენობა, სადაც სველი წერტილები მოუწესრიგებელია და რაც სავარაუდოდ უფრო მეტია, ვიდრე ახლად გარემონტებული ტუალეტის მქონე სკოლები.

სკოლების სველ წერტილებთან დაკავშირებით საყურადღებოა IDFI-ს თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც საუბარია სასწავლო დაწესებულებებში ტუალეტების მოწესრიგების ხარჯებსა და ამ მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ გარემოებებზე.

2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, 41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება. გადაუდებელი აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში დასაბუთდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით.

ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი - ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული.

IDFI ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები სასწავლო დაწესებულებებში ტუალეტების მოსაწყობად ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან, თანამდებობის პირების ოჯახის წევრებსა და ბიზნესპარტნიორებთან.

მთავარი სირთულე, რაც სკოლების გახსნა-დაკეტვას ახლავს თან, ამ პროცესის ქაოტურობა და არაპროგნოზირებადობაა. მაგალითად, შემოდგომაზე, როცა სახელმწიფომ დიდ ქალაქებში სკოლების გახსნა გადაიფიქრა, ნაადრევად, 1 სექტემბერს გახსნილი სკოლები დაკეტა და დისტანციურად დაიწყო სასწავლო პროცესი, მზადება სკოლების უსაფრთხოდ გახსნისთვის უფრო თვალსაჩინო იყო: დირექტორებს მაშინ ევალებოდათ ნაკადების მართვის გეგმის შედგენა, ცხრილების საჭიროების შესაბამისად ადაპტირება და გაკვეთილების ხანგრძლივობის განსაზღვრა, სამედიცინო ოთახების მოწესრიგება ისე, რომ საეჭვო სიმპტომების მქონე ბავშვის ან მასწავლებლის იზოლირება შესაძლებელი ყოფილიყო, გამოყოფილი იყო დეზინფექციისთვის საჭირო მარაგებზე პასუხისმგებელი პირები და ამ გეგმის გამართულობას, ისევე როგორც სკოლის ინფრასტრუქტურულ მზაობას ამოწმებდა შრომის ინსპექცია და სურსათის უვნებლობის სამსახური. ამჯერად, სკოლები არა გახსნამდე, არამედ გახსნის შემდეგ და არა ინსპექტორებმა, არამედ მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ კი არ შეამოწმეს, არამედ მოინახულეს და თქვეს, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გრძელდება.

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო კი, გარდა სადეზინფექციო საშუალებების მარაგისა, გულისხმობს იმ ზიანის დანახვასაც, რაც ბავშვებს იზოლაციისას მიადგათ და მის შემცირებაზე ზრუნვასაც, - ამ თემაზე ჯერჯერობით არც მშობლები ლაპარაკობენ და არც სახელმწიფო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG